„დალასმა“ დღეს, გამთენიისას, შესაძლოა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების რეგულარულ სეზონზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ტეხასურმა გუნდმა საკუთარ არენაზე „დენვერი“ დაამარცხა, რის შემდეგაც მოვლენები ძალიან მძიმედ წარიმართა.
მას შემდეგ, რაც რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინა, „იუტასა“ და „ოკლაჰომას“ კალათბურთელები „სანდერის” არენაზევე კარანტინში მოათავსეს და მალევე ლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სეზონის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია „დალასის“ მფლობელმა მარკ კუბანმა „დალასისა“ და „დენვერის” მატჩის მიმდინარეობისას სოციალური ქსელიდან შეიტყო. როგორც კი კუბანმა ამბავი გაიგო, უმალვე საკუთარი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მივიდა და ყველა საქმის კურსში ჩააყენა.