დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებზე კონტროლს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად შსს-ც განახორციელებს
დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებზე კონტროლს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად შსს-ც განახორციელებს

დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში პირები პირველ რიგში გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო თუ მაინც მოხდება დარღვევით ღონისძიების ჩატარება, დაეკისრებათ სანქცია. ფიზიკური პირი დაჯარიმდება ორი ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი ათი ათასით. უკვე განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„მკაცრდება კონტროლი დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ დღევანდელი მდგომარეობით სოციალური ღონისძიებების ჩატარება დახურულ სივრცეში არ არის რეკომენდებული და ზოგადად აკრძალული იყო. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება უკვე დღეიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ერთად კონტროლს განახორციელებს შსს. პირველ რიგში, გაფრთხილებას მიიღებენ. თუ ის ჩაატარებს მაინც, შესაბამისი სანქცია დაეკისრება და დაჯარიმდება ფიზიკური პირი ორი ათასით, იურიდიული პირი კი ათი ათასი ლარის ოდენობით. განმეორებით დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.

რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს, იცით, რომ ღია სივრცეში ნებადართულია ღონისძიებების ჩატარება, შესაბამისად, მაგიდასთან 12 ადამიანის განთავსება დისტანციის დაცვით შესაძლებელია. რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული, არის სავალდებულოდ შესასრულებელი ყველა ეკონომიკური საქმიანობისათვის თავიანთი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. გვინდა, ვთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ თავიანთ ობიექტებზე რეკომენდაციების დაცვა“,- აცხადებს მიქაია.

მისივე თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე და მხოლოდ შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი დაიწყოს სასწავლო პროცესი.

„რაც შეეხება ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თქვენ იცით რომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, რომ გაიაროს რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე და მხოლოდ შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი დაიწყოს სასწავლო პროცესი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ 15 სექტემბრამდე ყველა სკოლას შევამოწმებთ“, – განაცხადა მაია მიქაიამ.