დაკავებული ქირურგი ვახტანგ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს
დაკავებული ქირურგი ვახტანგ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის განცხადებას ავრცელებს. ექიმი მის მიმართ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„გადავწყვიტე, გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს. ფაქტი ერთია – პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია. ეს გარემოება კიდევ უფრო მძიმეს ხდის ჩემს დღევანდელ მდგომარეობას.

მინდა, მადლიერება გამოვხატო მეგობრების, ოჯახის, სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა მიადვილებს თავისუფლების აღკვეთაში გატარებულ ყოველ დღეს.

თხოვნით მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და მოახდინოს რეაგირება შეხედულებისამებრ. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

ასევე, გთხოვთ ყველა კეთილის მსურველს, თავი შეიკავოს ამ თემის პოლიტიზებისგან. კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ მცდელობას, ეს შემთხვევა გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის.

მედიცინა – საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით, უმოკლეს ვადაში, გაირკვევა სიმართლე.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნულია ვახტანგ ყიფიანის განცხადებაში.

5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.