დაკავებული კახა ღავთაძის დედა - ჩემი შვილი დაკავებამდე ამბობდა, რამდენიმე პოლიციელი, რომლებისთვისაც შეიძლებოდა მომიტინგეებს რამე დაეშავებინათ, გამოვარიდეო
დაკავებული კახა ღავთაძის დედა - ჩემი შვილი დაკავებამდე ამბობდა, რამდენიმე პოლიციელი, რომლებისთვისაც შეიძლებოდა მომიტინგეებს რამე დაეშავებინათ, გამოვარიდეო

თბილისში, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ ოთხ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

დაკავებულები დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული ოთხი პირიდან ორი, კახაბერ ღავთაძე და ვატო გელაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

წინასწარი დაკავების იზოლატორთან მყოფმა ერთერთი დაკავებულის, კახა ღავთაძის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე მისი შვილი შემთხვევით მოხვდა.

„შემთხვევით მოხვდა მიტინგზე. ძმაკაცის ქორწილისთვის რაღაცები უნდა მოეგვარებინა და შემთხვევით გაიარა იმ ადგილზე, თუმცა წინა პოზიციაზე როგორ მოხვდა არ ვიცი. დაკავებამდე ამბობდა, რამდენიმე პოლიციელი, რომლებისთვისაც შეიძლებოდა ადამიანებს რამე დაეშავებინათ, გამოვარიდეო, რომ არ გაელახათო“, – განაცხადა კახა ღავთაძის დედამ შორენა ბიწაძემ.

ასევე სავარაუდოდ დღეს წარედგინება ბრალი გუშინ გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებულ სამართალდამცველს. მას გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც გამოიტახა იმაში, რომ პოლიციელმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე ფიზიკურად იძალადა.

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 15 ივლისს ოთხი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემულია ცხრა პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.