დაცვის მხარე ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული კახა ჩხეტიანისთვის 5000-იან, ხოლო პეტრე ყუფარაძისთვის 2000-ლარიან გირაოს ითხოვს
დაცვის მხარე ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული კახა ჩხეტიანისთვის 5000-იან, ხოლო პეტრე ყუფარაძისთვის 2000-ლარიან გირაოს ითხოვს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის, პეტრე ყუფარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, პეტრე ყუფარაძე დაჭრილ ცოტნე გამსახურდიას ეხმარებოდა.

„პეტრე ყუფარაძე ეხმარებოდა, როცა ცოტნე დაჭრეს, საკაცეზე თავად დააწვინა, მივიდა პოლიციაში. შემდეგ პოლიციამ დაკითხა და გამოუშვა სახლში. მეორე დღეს დაიბარეს და დააკავეს. ცოტნე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არიან ბავშვობის მეგობრები. რაც არ ჩაუდენია, იმას ვერ დაიბრალებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს, 2000 ლარს ვთავაზობთ“, – განაცხადა პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, შემთხვევის დროს პეტრე ყუფარაძე ადგილზე იმყოფებოდა და სწორედ მას მოხვდა ხელში ცოტნე გამსახურდიას მიერ მოქნეული ხელჯოხი, რომელიც ტატო ღარიბაშვილისთვის იყო განკუთვნილი.

წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული კიდევ ერთი პირი კახა ჩხეტიანი. ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გირაოს სახით 5000-ლარიან გირაოს სთავაზობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და უნდა მოხდეს მის მიმართ საქმის შეწყვეტა. ყველა მოწმე ამბობს, რომ ის აშველებდა გამსახურდიას და სხვა პირებს, თვითონაც ამას ამბობს. მას ოჯახში ჰყავს ავადმყოფი დედა. ძმა დაღუპული ჰყავს და სახლში რძალი და ძმისშვილი ჰყავს. არანაირი გაქცევის საშიშროება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს დანაშაულს, ალტერნატივის სახით გთავაზობთ გირაოს შეფარდებას 5000-ლარის ოდენობით“, – განაცხადა კახა ჩხეტიანის ადვოკატმა.

წარდგენილ ბრალს არ აღიარებს არც ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილი.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.