ყველა ის შემთხვევა, რომელშიც არის გამოყენებული გადამეტებული ძალა, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ შორის განსხვავება იცით, რაშია? ისინი ამის თქმას კი ვერ ბედავენ, რომ, მაგალითად, დაგმონ და თქვან, რომ პოლიციელები არიან დაშავებულები, დამწვარი და დასახიჩრებული. გამორიცხულია, მათ ეს შეძლონ. აგრესიული ჯგუფები არიან, რომლებიც თავს ესხმიან და სიტყვას უკონტროლებენ, აბა, ასე თქვი, აბა, ისე თქვიო. ეს განსხვავებაც არის ჩვენ შორის. 7 ნოემბერს და დღესაც ძალადობა მოდის ერთი მხრიდან. ეს არის ის ჯგუფი, რომელმაც 7 ნოემბერს ჩვენზე იძალადა. დღესაც ვნახეთ, რომ არცერთ აქციაზე პოლიციას არ დაუწყია საპოლიციო მოქმედება რამდენიმე საათის განმავლობაში. ყოველდღე ვხედავთ ერთსა და იმავე სცენარს, რომ პოლიცია დგას, ითმენს საშინელ შეურაცხყოფებს, ქვების სროლას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობას და უკვე ყოველგვარ ზღვარს როცა გადადიან, პიროტექნიკის სროლას უწყებენ, ამის შემდეგ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში პოლიცია ვალდებულია, ჩაერიოს“, – განაცხადა ცაგურიამ.
მისი თქმით, აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილეობას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა.
„მილიონი აქცია გვაქვს ჩატარებული და არცერთ აქციაზე არ დაგვიშვია, რომ პოლიციელებისთვის დაგვეშინა ქვები, ბენზინიანი ბოთლები და ასე შემდეგ. თუკი ვინმე გაცხარდებოდა, იმავე წუთს ვაჩერებდით. ასე უნდა იქცეოდეს აქციის მშვიდობიანი მონაწილე. ეს უნდა იყოს წესი. აქციაში როდესაც იღებ მონაწილეობას ან ორგანიზატორი ხარ, თუ ვინმე ძალადობს, ცდილობს, პარლამენტის შენობის დაწვას და ისვრის ბენზინიან ბოთლებს, ვალდებული ხარ, გააჩერო და აღკვეთო ეს ძალადობა. ამას თუ ვერ ახერხებ, მაშინ ნება უნდა იბოძო, გვერდით გაიწიო და თქვა – მე ვარ აქციის მშვიდობიანი მონაწილე და გაემიჯნო ადამიანების რაღაც ჯგუფს, რომელიც დატრენინგებულია აკერმანის გეგმის მიხედვით, კარგად ორგანიზებული, მობილიზებული და უზრუნველყოფილი ასაფეთქებელი საშუალებებით, ბენზინიანი ბოთლებით და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ვნახეთ ორი დღის განმავლობაში, როდესაც არ იძალადეს და თავს არ დაესხნენ პოლიციელებს, კაციშვილი არ შეხებია არავის, მაგრამ ამაზე გაგიჟდნენ ამ „მაიდნის“ სცენარის შემოქმედები, რეჟისორები და დამდგმელები, ვინც არიან. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ახლა საქართველოში პირდაპირ მიდის განწირული მცდელობა, რომელსაც აღარანაირი შანსი აღარ აქვს და არც არასოდეს არ ექნება, რომ აქ მოაწყონ „მაიდანი“. ეს არის აქ მთავარი ამბავი, რომ გარედან უცხო ძალები ცდილობენ, „მაიდანი“ მოაწყონ ისევე, როგორც უკრაინაში მოაწყვეს. უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ ანალოგიურად საქართველოშიც მოგვიწყონ „მაიდანი“, რასაც ვერასოდეს ვერ მიაღწევენ. ზუსტად ერთი ერთში ხდება ყველაფერი. როგორც იქ იყო ემოციური სცენარები, როგორც აკერმანის გეგმაში დევს, ძაღლს როგორ უნდა აჭამონ საჭმელი და ეს როგორ უნდა გააშუქონ, როგორ უნდა გამოიწვიონ პოლიცია და ასე შემდეგ“, – განაცხადა ცაგურიამ.
მისი თქმით, აქციაზე არის უამრავი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ იბრძვის ევროპული მომავლისთვის, რომელიც მათთვის არავის წაურთმევია.
„მჯერა, რომ ისინი გულწრფელები არიან და მათ გულწრფელობას არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ, უბრალოდ, მე მათ, ვინც აქციაზეა და ძალადობის მოწინააღმდეგეა, მოვუწოდებ, ნება იბოძონ და ყველაფერი გააკეთონ, რათა აღკვეთონ ძალადობა, რომელიც არის, როცა პოლიციაზე შტურმი იწყება, როცა პოლიცია თავისთვის დგას და არავის არ ეხება. ისინი თუ ამას შეძლებენ, იქ პოლიციას თავს არავინ დაესხმება, შენობებს არ დაწვავენ და არ იძალადებენ, ამ ჯგუფებისგან ძალადობა თუ არ დაიწყება, მათ არავინ არ შეეხება. სამწუხაროდ, ამ გულწრფელ ნაწილს არავინ არ ეკითხება, ეს აქციები როგორ უნდა გაიმართოს, ამას ჰყავს ორგანიზატორები, რომლებიც მართავენ პროცესს, რომლებიც შეგნებულად აწყობენ დესტრუქციას საქართველოში და ამ აქციებზე, რათა გამოიწვიონ საპოლიციო ძალა, რომ მერე აჩვენონ ეს სურათები, ნახეთ, რა მოხდა“, – განაცხადა ცაგურიამ.
ამასთან, დაჩი ცაგურიამ აქციაზე მდგომ გულწრფელი პროტესტის მქონე ადამიანებს მიმართა.
„აქციის გულწრფელ ადამიანებს მივმართავ. მათი ოჯახის წევრებს, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო: ნუ გამოაყენებინებთ თქვენს თავს საზარბაზნე ხორცად ვიღაცებს, რომლებმაც სადღაც დაგეგმეს საქართველოში „მაიდნის“ სცენარი. ნუ გამოაყენებინებთ თქვენს შვილებს და თქვენს მეგობრებს ვიღაცებს საზარბაზნე ხორცად. ჩვენ ვნახეთ ამის ტრაგიკული მაგალითი – უკრაინა, სადაც ჯერ აქციაზე რამხელა მსხვერპლი იყო და შემდეგ უკვე ვნახეთ, რაც მოხდა, მილიონამდე ადამიანი ჰყავთ გარდაცვლილი და ათ მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან გაქცეული. ეს არის ტრაგიკული ამბავი, რომელიც უნდათ, ჩვენს ქვეყანას მოახვიონ თავს, რასაც ვერ შეძლებენ. ეს არის განწირული სცენარი, რომელიც აბსოლუტურად უადგილოა ამ ქვეყანაში და ვერაფრით ვერ განხორციელდება“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, – როგორ უნდა განეიტრალდეს მოცემულობა, როცა ადამიანების გარკვეული ჯგუფები, მათ შორის, სოციალურ ქსელში აბულინგებენ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს და ასევე, საზოგადოებამ ნახა, მაგალითად, პირველი არხის წინ სულ ცოტა ხნის წინ მიმდინარე საკმაოდ აგრესიული აქცია, სადაც პირველი არხის თანამშრომლებმა უამრავი შეურაცხყოფა აიტანეს, რომელიც აქციის მონაწილეთა ნაწილისგან მოდიოდა, ნაწილი კი გულწრფელად აპროტესტებდა და მოითხოვდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკეთესად გააკეთოს თავისი საქმე, რაც გასაგებია, თუმცა აგრესიული ნაწილი მიზანმიმართულ პროვოკაციებს მიმართავდა, როცა ეზოში ჩასულ თინათინ ბერძენიშვილს და ვასილ მაღლაფერიძეს ყურში უჩურჩულებდნენ ძალიან მძიმე ფრაზებს, რომლის გამეორებაც პირდაპირ ეთერში შეუძლებელია; ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანები და ჟურნალისტები ეთერს ითხოვდნენ და აღსანიშნავია ძალიან მძიმე ბრალდება მაია ჭუჭლაშვილის მიმართ, თითქოს მან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს შეუტანა რაღაც განცხადება და მის წაკითხვას აძალებდა, რაც მერე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თვითონ უარყო და თქვა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ამაზე ბოდიში არავის მოუხდია, დღემდე ისმის ძალიან მძიმე შეფასებები არხის თანამშრომლების მისამართით და როცა ეს ხდება არა მხოლოდ პირველი არხის მიმართ, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, როგორ უნდა შევძლოთ თანაცხოვრება და თანაარსებობა ხვალ, – დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ დიდ მხარდაჭერას უცხადებს ყველა წესიერ ჟურნალისტს, რომელიც პროცესს ობიექტურად აშუქებს და ის ამას ძალიან ნათლად ხედავს პირველი არხის ჟურნალისტების შემთხვევაში.
„მე ამას ვხედავ ასევე ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტივის“ შემთხვევაში, სადაც ადამიანები მუშაობენ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. წუხელ მთელი ღამე ვუყურებდი პირდაპირ ეთერს და ვხედავდი, მთელი ღამის განმავლობაში როგორ აბულინგებდნენ ოპერატორებს. ეძახოდნენ, რატომ იღებთ, კამერა გაწიე, აქ ნუ იღებ, იქით გადაიღე და რაღაცები. ძალიან აგრესიული ფორმით, პრაქტიკულად, აიძულეს, რომ მათ ჭკუაზე ემუშავათ ჟურნალისტებს, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მინდა, ყველა გავაფრთხილო, ძალიან ფრთხილად იყვნენ ჟურნალისტებთან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რომელ მხარეს იქნება“, – განაცხადა ცაგურიამ.
დაჩი ცაგურიამ ასევე ისაუბრა, თუ რატომ აქვთ სახე დაფარული აქციის მონაწილეებს.
„ისინი ხომ არაფერს არ არღვევენ, და თუ არაფერს არ არღვევ, რა გაქვს დასამალი? მილიონი აქცია მაქვს ჩატარებული და არცერთ აქციაზე სახე არ დამიმალავს. რა მქონდა დასამალი? ან ის რომ იყო, სასწრაფოდ წაშალეთ მიმოწერაო, რა გაქვთ წასაშლელი, ხალხო, თქვენ ხომ კანონს არ არღვევთ, ხომ პატიოსანი მოქალაქეები ხართ და რა გაქვთ წასაშლელი? რატომ მალავთ სახეს? იმიტომ, რომ ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს და ამ დანაშაულის ჩადენა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამან, შეიძლება, ძალიან ცუდ პროცესებამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ცაგურიამ.