დაბრუნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - მამარდაშვილმა „სოსიედადთან“ კარი უგოლოდ შეინახა [ვიდეო] #1TVSPORT
დაბრუნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - მამარდაშვილმა „სოსიედადთან“ კარი უგოლოდ შეინახა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა სექტემბრის შემდეგ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.

ეს ლა ლიგის 23-ე ტურში მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „რეალ სოსიედადი“ მიიღო და საშინაო შეხვედრა ფრედ დაასრულა.

„ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ქართველი მეკარე ბოლოს „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში სექტემბერში „სევილიასთან“ გამოჩნდა და მას შემდეგ ქართველი მეკარე თავის შანსს ოთხი თვე ელოდა.

მამარდაშვილი რთულ მომენტებში საიმედოდ გამოიყურებოდა. მართალია, პირველ ნახევარში „სოსიედადს“ აშკარა შანსები არ ჰქონია, თუმცა გიორგის თამაშში ჩარევა რობინ ლე ნორმანდის თავური დარტყმის შემდეგ მოუხდა.

ბასკებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი 52-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კრისტიან პორტუ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ გიორგიმ რეაგირება ფეხით მოახდინა და სახიფათო შეტევა მოიგერია. ორიოდე წუთში კი მეტოქის სახიფათო შეტევის შესაჩერებლად ლამის მოედნის ცენტრში გავარდა და მაყურებლების აპლოდისმენტები დაიმსახურა.

58-ე წუთზე ბასკებმა ქართველს გაუტანეს, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა და მამარდაშვილის კარში გოლი არ ჩათვალა. 70-ე წუთზე მამარდაშვილს ისევ პორტუმ შეუტია, მაგრამ ახლოდან მიზანს ააცილა.

რეალური საგოლე შანსები „ვალენსიასაც“ ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა. ლა ლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 30 ქულა მოიპოვა და მე-11 ადგილზეა.