„დაბრუნება ევროპაში“ - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ეთერი საქართველოს პირველ არხზე

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

26 მაისთან დაკავშირებით, დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პირველი არხი მაყურებელს სპეციალურ ეთერს შესთავაზებს. გადაცემას „დაბრუნება ევროპაში“ დავით გორგილაძე გაუძღვება. პირველი არხის სტუმრებთან ერთად, ვიმსჯელებთ წარსულზე, რომელიც ზუსტად გვეუბნება, სად არის ჩვენი მომავალი.

სპეციალურად ამ ეთერისთვის პირველი არხის წამყვანებმა ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან მოამზადეს რეპორტაჟები, სადაც ვმსჯელობთ, რა მოგვცა დასავლურმა ცივილიზაციამ და რა მივეცით ჩვენ.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს, რომლებიც ასევე საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება წარმოდგენილი, 12:00 საათზე გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. წვევამდელები დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ასევე საქართველოს მასშტაბით კიდევ ხუთ ლოკაციაზე დადებენ სამხედრო ფიცს. კერძოდ, დმანისში, ფოთში, სოფელ შემოქმედში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), გუდანის ჯვართან (ხევსურეთი), ასევე სოფელ მატანში (კახეთი). ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება ავიაშოუც.

ფიცის დადების ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება, რომელსაც ბავშვთა კაპელა, 120-მდე ბავშვის შემადგენლობით შეასრულებს. წელს პირველად, აჟღერდება ევროკავშირის ჰიმნიც.

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. შესრულდება ხალხური სიმღერები.

რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.

საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, საქართველოს პირველი არხი მაყურებელს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებსაც შესთავაზებს.