დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახალ რეგიონულ დირექტორს, ენტონი სპირსს შეხვდა

11:11, 13.08.2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახალ რეგიონულ დირექტორს, ენტონი სპირსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და  მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს.

„ირაკლი ფურცელაძემ სტუმარს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სააგენტოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების საკითხებში.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეგიონში საიმედო და წამყვანი პარტნიორია.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ენტონი სპირსი 15 აგვისტოდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას და აღნიშნულ პოზიციაზე დევიდ ქენედეის ჩაანაცვლებს.

მსგავსი