დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგის კორონავირუსით გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგის კორონავირუსით გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული  ეპიდემიოლოგი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან დიდი წვლილი შეიტანა ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებაში, ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში, რეკომენდაციების შემუშავებასა და ჯანდაცვის ცენტრებისთვის მეთოდური მითითებების სახელმძვანელოს შექმნაში.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, მეგობარი, კოლეგა, დედა, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე.

ლიანა შეყილაძე დაიბადა 1958 წლის 27 ივნისს, ქ. ქუთაისში. სკოლისა და მუსიკალური ათწლედის წარჩინებით დასრულების შემდეგ, სწავლა სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენურ ფაკულტეტზე განაგრძო. ინსტიტუტის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მუშაობა განაწილებით ბაღდათის სანეპიდსადგურში დაიწყო (1982-1987წწ). იგი ასევე მუშაობდა ბაღდათის რაიონში, კურორტ საირმის და ქ. ქუთაისში, ტურბაზის ექიმ თერაპევტად. გამორჩეული და სანიმუშო მუშაობის გამო, 1987 წელს იგი ქუთაისის სანეპიდსადგურში სამუშაოდ მიიწვიეს.

მოკლე დროში, მისი ცოდნის, შრომისმოყვარეობის და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, დაინიშნა ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგედ. სისტემის რეორგანიზაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის ჩამოყალიბების შემდეგაც, იგი წარმატებით განაგრძობდა ეპიდემილოგიურ განყოფილების ხელმძღვანელობას.

ლიანა შეყილაძემ თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით დიდი წვლილი შეიტანა ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებაში. მისი დამსახურება იყო ეპიდზედამხედველობის პილოტური პროგრამის პირველად იმერეთში და შემდეგ მთელ საქართველოში წარმატებით დანერგვა. ასევე დიდი როლი შეასრულა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული პროგრამის (EIDSS) შექმნის პროცესში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კვლევაში, ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში, რეკომენდაციების შემუშავებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მეთოდური მითითებების სახელმძვანელოს შექმნაში.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაავადების პირველ დღეებშიც აგრძელებდა მისი მოვალეობის შესრულებას.

ლია იყო მეგობრული, გულისხმიერი, თავმდაბალი და კეთილი ადამიანი, სხვისი ლხინისა და ვარამის გამზიარებელი, ყველას დამხმარე და ხელშემწყობი. ყოველთვის მის მოვალეობად მიაჩნდა მეგობრებზე, კოლეგებზე, ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა. მასთან მუშაობა იყო კომფორტული, ცოდნისა და გამოცდილების შემძენი. უსაზღვროა მისი არ ყოფნით გამოწვეული სევდა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.