დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა

21:52, 27.08.2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.

„სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტომობილები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესთან ერთად, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ცენტრის რეგიონული ფილიალების მაქსიმალური ოპერატიულობა და მობილობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება – ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ჯამში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხრა განყოფილება და სამმართველო აღიჭურვება.

მსგავსი