დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს. კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდება.

კვლევის საგანი იქნება, რამდენად აქვს მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

„კვლევა იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მაშშტაბით, რათა გვქონდეს ინფორმაცია მთელ ქვეყანაზე და კვლევა ჩატარდება 8 000-მდე შენარჩევზე. აღნიშნული კვლევა ტარდება ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად. მათი გუნდი ჩამოდის ამ კვირას საქართველოში, მათთან ერთად დაზუსტდება ყველა პარამეტრი, რასაც კვლევაში გამოვიყენებთ.

ასევე, გასაუბრებები იქნება ჯგუფებთან, რომლებმაც ველზე უნდა იმუშაონ. შემდეგ იქნება სამდღიანი განმეორებითი ტრენინგი ამ ჯგუფების. საპილოტედ კვლევა დაიწყება თბილისში და შემდეგ მოხდება განვრცობა სხვა ქალაქებზე. საველე სამუშაოები წარიმართება ორი თვის, ივნისი-ივლისის განმავლობაში. ორი თვის შემდეგ მოხდება აღებული მასალის ლაბორატორიული კვლევები და გაანალიზდება შედეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ეროვნული კვლევის ფარგლებში მოსახლეობის იმუნური პასუხი სამ ინფექციაზე იქნება გამოკვლეული.

„გარდა კოვიდისა, ეროვნული კვლევა ჩატარდება კიდევ ორ ინფექციაზე, გამოკვლეული იქნება ცე და ბე ჰეპატიტი. ჰეპატიტთან მიმართებით ველოდებით საინტერესო მონაცემებს, ანუ რა მოგვცა ჩვენ ელიმინაციის პროგრამამ და როგორ შემცირდა ცე ჰეპატიტის პრევალენტობა ქვეყანაში. რა შედეგი მოგვცა ბე ჰეპატიტის იმუნიზაციამ, რომელიც 2001 წელს დაიწყო ქვეყანაში“,  – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი