NDI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილში პერსონალური და სხვადასხვა ინსტიტუტების რეიტინგები არ იყო. CRRC-საქართველოს დირექტორის კობა თურმანიძის განმარტებით, დეკემბრის გამოკითხვაში NDI-მ აქცენტი სხვა საკითხებზე გააკეთა და პერსონალური და ინსტიტუტების რეიტინგები უბრალოდ არ იყო.
„ამ გამოკითხვაში პერსონალური და ინსტიტუტების რეიტინგები უბრალოდ არ იყო. ჩვენ აქცენტი დღეს უფრო გენდერულ საკითხებსა და ძალადობაზე გავაკეთეთ. ყველა გამოკითხვაში ერთიდაიგივე საკითხი მთავარი ვერ იქნება“,- განაცხადა თურმანიძემ.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ახალი ამბავი არ არის და წლების მანძილზე გრძელდება.
„ჩვენ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებს ვგავართ, სადაც პარტიების მიმართ მხარდაჭერის დაბალი დონეა. საქართველოში პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ახალი ამბავი არ არის და წლების მანძილზე გრძელდება. პარტიების მიმართ მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია. ხდება ხოლმე ისე, რომ მოსახლეობის უმეტესობას ასეთი პარტია საერთოდ არ ჰყავს და გადაწყვეტილებას, ხმა ვის მისცეს, არჩევნების წინ იღებს. ჩვენ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ ან საშუალოდ დემოკრატიულ ქვეყნებს იმ მხრივ ვგავართ, რომ პარტების მიმართ მხარდაჭერის დაბალი დონეა. ადამიანები საკუთარ შეხედულებებს პარტიებს მასიურად არ უკავშირებენ და სხვადასხვა კამპანიის საფუძველზე გადაწყვეტილებას არჩევნების წინ იღებენ“, – განაცხდა თურმანიძემ.
კობა თურმანიძის თქმით, გამოკითხულთა დაახლოებით 60%-მა თავისი მაჟორიტარის ვინაობა არ იცის.
„გასული წლის დეკემბრის კვლევამ გამოავლინა, რომ პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეების მონაწილეობა საკმაოდ დაბალია. უფრო მეტიც, დაახლოებით 60%-მა თავისი მაჟორიტარის ვინაობა არ იცის. საერთოდ, არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრების მიმართ მოლოდინი უფრო მაღალია, ვიდრე არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ. ეს მათი დამოკიდებულება გამოიხატება ისეთი კითხვების მიმართ, როგორიცაა დეპუტატების მიერ მათი ინტერესების წარმოდგენა“, – განაცხადა კობა თურმანიძემ.
NDI-ის დაკვეთით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლევა CRRC საქართველომ ჩაატარა და 2 298 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს წესით გამოკითხა. კვლევის ცდომილება 1,9%-ია.