ცოტნე კაპანაძე - „თელავი“ გაძლიერდა და კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით #1TVSPORT
ცოტნე კაპანაძე საფეხბურთო კლუბ „თელავში“ დარჩა და 2022 წლის სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მარჯვენა მცველი იმედოვნებს, რომ „კავკასიონი არენაზე“ გუნდი ახალ სეზონს წარმატებით ჩაატარებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო „თელავს“, ჩემს მიმართ გაჩენილი ნდობისთვის. ნაკრებში ჩემი თამაში, პირადად ჩემი და „თელავის“ წარმატება და დამსახურებაა. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში და წარმატებით გამოსვლა. ყველანაირად ვეცდები, ახალ სეზონში უკეთ წარმოვაჩინო „თელავის“ მაისურით თავი და ვასახელო, როგორც საქართველო, ასევე ჩემი კლუბი“, – ამბობს ცოტნე კაპანაძე.
მისი თქმით, „თელავს“ განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს:
„ჩვენი მხარდამჭერების გარეშე თამაში არ წარმომიდგენია. მათი ქომაგობა თამაშის დროს სხვა სტიმულს გვაძლევს. ბედნიერი ვარ, მათი სიყვარული რომ დავიმსახურე. რასაკვირველია, ახალ სეზონს უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიწყებ, მინდა, რომ მაყურებლის მოლოდინი უფრო მეტად გავამართლო და წელს უფრო უკეთესად ვითამაშო“.
კაპანაძემ ახალი სეზონისთვის მზადებაზეც ილაპარაკა:
„მოსამზადებელი ეტაპი მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ამ სეზონს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ და ვაჩვენოთ, თუ რამხელა ძალა გვაქვს და რა შეგვიძლია. „თელავი“ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა და ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით. მოგეხსენებათ, სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და საკმაოდ კარგი მწვრთნელიც გვყავს – დარწმუნებული ვარ, გიორგი ჭელიძესთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დასახულ მიზანს მივაღწევთ“.