ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მოქალაქეს მიმართა – ჩემს პოზიციას ვინმე თუ იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, დისკუსიაში შევიდეთ, სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ

10:30, 01.07.2026

ჩემს პოზიციას თუ ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, – ასე მიმართა ცოტნე ივანიშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილის ინტერვიუზე კომენტარი დაწერა.

კერძოდ, მოქალაქე ლაშა ტრაპაიძემ ცოტნე ივანიშვილის ინტერვიუს ქვეშ კომენტარის სახით დაწერა: „როგორ არავინ ეწინააღმდეგებით, ეგრე რამ შეგაშინათ? ტყუილიც რომ თქვას, მაინც გაავსებთ ქათინაურებით. აი, ეგ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი. პირიქით, შეუსწორეთ, არ დაეთანხმოთ, საღი აზრი გამოატანინეთ ახალგაზრდას, მაგასაც ნუ დაღუპავთ“.

ცოტნე ივანიშვილმა ლაშა ტრაპაიძეს დისკუსია შესთავაზა და ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებს თავიანთი პოზიციის გამო მორალი არ უნდა წაუკითხონ.

„ლაშა, მოგესალმები. პირველ რიგში, მინდა, გთხოვო, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ჩემს პოზიციას თუ ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია. საქართველოსთვის ნამდვილად დამღუპველია პრობლემის არაღიარება, ხარვეზის ვერდანახვა და შეცდომის არშესწორება, მაგრამ სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, რომ უპრობლემოდ შეგიძლია აქ კომენტარის დაწერა. ამიტომ მე პირადად მაინტერესებს შენგან, კონკრეტულად რაში არ მეთანხმები, რომელი პოზიციაა მიუღებელი შენთვის. ასევე კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ. ვიკამათოთ, დისკუსიაში შევიდეთ ერთმანეთთან, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ ადამიანებს თავიანთი პოზიციის გამო“, – წერს ცოტნე ივანიშვილი.

მსგავსი