ცნობილი რუსი კომენტატორი - ხუთი წლიდან ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ და მისი გამარჯვება გამიხარდა
„საკარტველოს გაუმარდჯოს! მე ქართულ ფეხბურთს ხუთი წლიდან ვგულშემატკივრობ. საქართველოს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი პირველად აქვს“, – ასე მიულოცა საქართველოს ნაკრებს ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ალექსეი ანდრონოვმა „ევრო2020“-ის ფინალში გასვლა.
მან ქართველების მიმართ სიმპათია არ დამალა: „ერთა ლიგა რომ დაიწყო, ვლადიმირ ვაისს ველაპარაკე და ვუთხარი, თქვენ გაქვთ შანსი-მეთქი. გაეცინა. ახლა მათ (ევროპის ჩემპიონატამდე) ერთი ნაბიჯი დარჩათ, ერთი! თქვენ ნახეთ, საქართველოს ნაკრების სტადიონზე მისვლის დროს რა ხდებოდა? ქუჩაში ფოიერვერკისა და კვამლის გამო საერთოდ არაფერი ჩანდა… საქართველოს ჩვენ ვადიდებთ“.
ანდრონოვმა განაცხადა, რომ ბელარუსის ეროვნულმა გუნდმა „ევრო2020“-ის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან წაგება დაიმსახურა.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რაც საქართველოს ნაკრებმა გააკეთა. ახლა ბელარუსს ეს წაგება ძალიან სჭირდებოდა – იმის გამო, რომ ნაკრებიდან სტანისლავ დრაგუნი გააგდეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რეპრესიების, ხალხის დარბევისა და დაპატიმრებების წინააღმდეგ გამოვიდა. ნაკრების წევრებმა კი სოლიდარობის ლენტების მორგება არ ისურვეს. ასე რომ, ბელარუს ბიჭებს ქართველებთან წაგება მოუხდებათ“, – ამბობს ანდრონოვი.