ცნობილი პროექტის - „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ მონაწილეებს იმერეთი უმასპინძლებს
ცნობილი პროექტის - „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ მონაწილეებს იმერეთი უმასპინძლებს

სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.

ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს Let’s GET LOST with WIZZAIR – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.

მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200 მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან აფრინდა, დანიშნულების ადგილი კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე პროექტის მონაწილეებისათვის უცნობი იყო.

„600-მდე მსურველიდან ავიაკომპანიამ 200 მგზავრი შეარჩია, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან. ისინი რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან.

პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა – საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს – ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის შედეგად ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით აბუ დაბიდან რეისებზე სიხშირეების გაზრდას ვარაუდობს. რაც ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

„საქართველო, კონკრეტულად იმერეთის რეგიონი მსგავს მასშტაბურ პროექტს პირველად მასპინძლობს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე იმერეთის რეგიონისთვის წარმოჩინდეს ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე. საქართველოში პროექტის განხორციელების ინიციატივა – საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს – ავიაკომპანია Wizz Air-ს და მის შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. რისთვისაც მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომ 50 ზე მეტი

მიმართულებიდან, სადაც ისინი დაფრინავენ, ამ პროექტისთვის სწორედ ქუთაისი შეარჩია. სპეციალური ჩარტერით აბუდაბიდან ჩვენს აეროპორტში 200 მდე ბლოგერი და ინფლუენსერი ჩამოფრინდა, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად მოვიცვათ ახლო აღმოსავლეთის ბაზარი, რაც სრულიად ახალი მიმართულებაა ქუთაისისთვის და იმერეთის რეგიონისთვის“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა ბარამიძემ.

ამ ეტაპზე, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ოთხი სიხშირით სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა 2021 წლის დეკემბრიდან გახდა შესაძლებელი.