CNN ქართულ რაგბიზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე
CNN ქართულ რაგბიზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე

ცნობილმა მედია-ჰოლდინგმა CNN-მა, რომელიც 212 ქვეყანას ფარავს და რომლის აუდიტორიაც 1,5 მილიარდს მოიცავს, ქართულ რაგბის და 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მოლოდინებს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

CNN-ი სტატიას ბორჯღალოსნების ახალი შერკინების მწვრთნელის, ინგლისელი გრემ როუნთრის დახასიათებით იწყებს და ხაზს უსვამს მის შთამბეჭდავ კარიერას, როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში. 47 წლის სპეციალისტის ანგარიშზე 54 სანაკრებო მატჩია ინგლისის ნაკრების კვართით და 398 ‘ლესთერ თაიგერსის’ მაისურით. ის მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში ჯამში ოთხი მსოფლიო თასის მონაწილეა და ხუთჯერ იმყოფებოდა „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ტურნეში.

 

„როდესაც მის კარიერას აფასებ ფიქრობ, რომ 47 წლის სპეციალისტს ძნელად თუ რამე გააკვირვებს, მაგრამ საქართველოში შერკინების მწვრთნელად გადასვლის შემდეგ, საპირისპირო მტკიცდება“ – წერს CNN-ი და აგრძელებს:

საქართველოს ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს და არაერთი დიდი, მამაცი მორკინალი აღუზრდია. მათი ძალისა და მომზადების შემხედვარე როუნთრიც კი აღფრთოვანებული დარჩა.

„აქამდე არასდროს მინახავს სპორტსმენს ასეთი წონა აეწიოს. მათ წარმოუდგენელი გენეტიკა აქვთ. ისინი წარმოუდგენლად ძლიერები არიან“ – ამბობს როუნთრი.

როგორც მოთამაშეს, როუნთრის ქართველების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია („მადლობა ღმერთს, ეს არ მომიწია“ – სიცილით ამბობს ინგლისელი), თუმცა ყოველთვის იცოდა მათი სიძლიერის შესახებ. სწორედ ამ რეპუტაციამ გადააწყვეტინა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრებში მუშაობას დათანხმებოდა.

„როდესაც ოქტომბერში პირველად შევხვდი ქუბრიაშვილს, თავი უხერხულად ვიგრძენი. მე მისი დიდი ქომაგი ვიყავი და შეხვედრისას თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი. მასთან მუშაობა განსაკუთრებული იყო. შერკინება და მოლი არის ის, რაც ქართველთა შესრულებით მუდამ მომწონდა“ – თქვა როუნთრიმ.

ბორჯღალოსნებთან მუშაობის პირველ თვეებში გრეემმა ნახა, რომ გუნდის (ინგლისურ ენოვანი) თიკუნი „ლელოს“ (The Lelos) ტრადიციული ქართული თამაშიდან, „ლელო ბურთიდან“ მომდინარეობს, რომელიც ძალიან გავს რაგბს. ასევე ნახა სარეკორდო სხვაობით გამარჯვება სამოასთან და ტონგასთან, თუმცა მარცხი იტალიასთან.

როდესაც ის თბილისში არაა, ბევრს მოგზაურობს საფრანგეთში, კლუბებში, რომლებშიც ქართველი მორაგბეები თამაშობენ.

„საქართველო ძალიან მომწონს, ის ჩემთვის ზედგამოჭრილია. ჯერ მხოლოდ თბილისში ვიყავი, რომელიც შესანიშნავი ქალაქია, კარგადაა შეხამებული ახალი და ძველი, თანამედროვე და ძველი არქიტექტურა. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, ბერი მაგარი რესტორანი და წარმოუდგენლად მაგარი ღვინოა – დამიჯერეთ, ყველას გასინჯვა ვცადე. ის არ გავს ყოფილი საბჭოთა კავშირის, რომელიმე ქალაქს, თბილისი ძალიან ლამაზია. ადამიანები კი თბილი, ამაყი და შრომისმოყვარენი არიან“ – ასე ახასიათებს როუნთრი დედაქალაქს.

სწრაფი პროგრესი

საქართველოში რაგბი ჯერ კიდევ ახალი სპორტია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი წინსვლა შთამბეჭდავია. „ლელოსმა“ სწრაფად ჩამოიტოვა თავისი ტრადიციული კონკურენტები და რაგბი ევროპა ბოლო 7 გათამაშებიდან 6-ჯერ მოიგეს.

მილთონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2012 წლიდან ავარჯიშებს. ის დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა საქართველოს ექვს ერში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ამ ტურნირის კარი ჯერაც მყარადაა დახურული. მიუხედავად ამისა, ახალ ზელანდიელი დარწმუნებულია, რომ ტურნირი შესაძლოა 2021 წლის შემდეგ გაფართოვდეს, ან ასვლა-ჩასვლის სისტემა ან რაიმე სხვა დაინერგოს.

„კარგია, როდესაც ტიერ 1-ის დონის გუნდთან თამაშის საშუალება გეძლევა, მაგრამ წელიწადში ერთხელ ასეთი შეხვედრის ჩატარება პროგრესში დაგვეხმარება? როცა მხოლოდ ერთი თამაში გაქვს, არ გეძლევა შესაძლებლობა მისი გაანალიზების და მომდევნო კვირაში იმავე დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშის, რათა დაინახო, გააუმჯობესე თუ არა ხარისხი. ჩვენ პატივს ვცემთ ტირ 2-ის გუნდებს, ვისთანაც გვიწევს თამაში, თუმცა მორიგი ნაბიჯის გადასადგმელად, პირველი დონის გუნდებთან მეტი თამაში გვჭირდება“ – ეუბნება ჰეიგი CNN-ის ჟურნალისტს.

წინა სამსოფლიო ქაოსი

საქართველოში არის ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფორბსის მიხედვთ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც რაგბის აღმავლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

რაგბისადმი სიყვარულით მან სპორტის ამ სახეობაში განახორციელა ინვესტიციები, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ელიტური დონის ინფრასტრუქტურა. გუნდი ახალ დონეზე გავიდა და ჰეიგის თქმით, 2015 წლის მსოფლიო თასმა და იქ ტონგასა და ნამიბიას დამარცხებამ, ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანა.

„როდესაც ქუჩაში მივდიოდი, ერთი ან ორი ადამიანი ყოველთვის მაჩერებს და ფოტოს გადაღებას მთხოვს. 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც მე ან მოთამაშეები ქუჩაში გავდიოდით, ქაოსში ვხვდებოდით. ჩვენი როლი ისიცაა, რომ ადამიანებს რაგბი გავაცნოთ და სწორად წარვუდგინოთ თამაშის არსი“ – ამბობს ჰეიგი.

მსოფლიო თასის მოლოდინები

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო იაპონიაში ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ითამაშებს, ჯგუფში, რომლის მსგავსში 2015 წლის მსოფლიო თასზე იმ ინგლისის ნაკრებმა ითამაშა, რომლის ნაწილი როუნთრი იყო და ჯგუფში ჩარჩა.

„მსოფლიო თასი უდიდეს წნეხთანაა დაკავშირებული. წინა მსოფლიოზე მე ინგლისის ნაკრებთან ერთად ვიყავი. პირველი დონის გუნდები წარმოუდგენელ წნეხს განიცდიან, როდესაც საქართველოს დარ გუნდებს ეთამაშებიან. 2015 წლის მსოფლიო თასმა ბევრი მასწავლა. მე ჩემი ცოდნის ყველა მარცვალს გადავცემ საქართველოს. მე მინდა, რომ ამ მსოფლიო თასის შემდეგ ყველა ჩვენზე საუბრობდეს“.

საქართველოს მსოფლიო თასზე ყოველთვის სოლიდური ფორვარდები მიყავდა, თუმცა ჰეიგი აღიარებს, რომ დროთა განმავლობაში გუნდის სათამაშო სტილი ერთფეროვანი და ამოცნობადი ხდება. ის თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ეს შეეცვალა:

„ჩვენი თამაში მორკინალებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ იაპონიაში ასე არ იქნება. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა და გუნდსაც მოსწონს ფართოდ თამაში“.

ჰეიგს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეწურება. ესაა ქვეყანა, რომელსაც ის და მისი ოჯახი სახლს ეძახის უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში. მისი ორი ქალიშვილი თავისუფლად საუბრობს ქართულად. პროფესიონალური თვალსაზრისით, მილთონისთვის შემდგომი ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება:

„რა იქნება საუკეთესო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, სწორედ ესაა მამოძრავებელი. ჩემი მეუღლე და ქალიშვილები მუდამ ჩემს გვერდით არიან და ესაა უმთავრესი. საქართველოში მოსწონთ ჩემი ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ ამ ქვეყანაში უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ და მას არასდროს დავივიწყებთ“.