CNBC - ჩინეთი მსოფლიო ბანკისგან მილიარდობით დოლარის სესხს იღებს
CNBC - ჩინეთი მსოფლიო ბანკისგან მილიარდობით დოლარის სესხს იღებს

ჩინეთი ისევ იღებს მილიარდობით დოლარის მოცულობის შეღავათიან კრედიტებს მსოფლიო ბანკისგან, რომელიც თავისი არსით, ღარიბი განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNBC „გლობალური განვითარების ცენტრის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანალიტიკური ორგანიზაცია „გლობალური განვითარების ცენტრის“ [The Center for Global Development] ბოლო კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაა, ყოველ წელს საშუალოდ, 2 მილიარდ დოლარს სესხულობს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან“ (IBRD), რომელიც მსოფლიო ბანკის შემადგენლობაში შემავალი ინსტიტუტია.

„გლობალური განვითარების ცენტრი“ მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო განვითარების საკითხებს იკვლევს და ოფისები ვაშინგტონსა და ლონდონში აქვს.
მსოფლიო ბანკი, რომელიც სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად, ძირითადად განვითარებად, დაბალშემოსავლიან ეკონომიკებს ეხმარება შეღავათიანი სესხების გაცემის გზით და მისი საპროცენტო განაკვეთები საბაზროზე ბევრად დაბალია.

ორგანიზაციის უმსხვილესი აქციონერი და სპონსორი ამერიკის შეერთებული შტატებია. შესაბამისად, მისი ხმა გადამწყვეტია დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში.

რაც შეეხება უშუალოდ IBRD-ს, ეს ორგანიზაცია სესხებს ძირითადად, საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკებზე გასცემს, ან დაბალი შემოსავლის მქონე, მაგრამ კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე ქვეყნებზე.

ჩინეთმა 2016 წელს უკვე გადალახა შემოსავლის ზედა ზღვარი, რომლის მაღლაც IBRD-ი კრედიტებს აღარ იძლევა. თუმცა, როგორც ანალიტიკურმა ცენტრმა გაარკვია, 2016 წლის შემდეგ ჩინეთს IBRD-სგან საერთო ჯამში, 7.7 მილიარდ დოლარზე მეტი სესხი აქვს აღებული. გარდა ამისა, ჩინეთმა უკვე თავად დაიწყო სესხების გაცემა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარება-გაფართოებას ისახავს მიზნად და პრიორიტეტული მარშრუტის გასწვრივ არსებულ განვითარებად ქვეყნებს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებელ კრედიტებს აძლევს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მსოფლიო ბანკმა სესხები გასცეს ქვეყანაზე, რომელიც უკვე თავად იძლევა მილიარდობით დოლარის სესხს, თანაც საკმაოდ ბუნდოვანი და კაბალური პირობებით. თეთრი სახლი მსოფლიო ბანკის მიერ ჩინეთისთვის გაცემული სესხების გამჭვირვალობასაც ეჭვის თვალით უყურებს და უკვე მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ორგანიზაციამ შეწყვიტოს ჩინეთის დაფინანსება.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ღიად საუბრობს, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის დაფინანსება აღარ არის მსოფლიო ბანკის საქმე.

ჯერჯერობით მსოფლიო ბანკი აგრძელებს დაფინანსებას, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთისთვის კრედიტზე უარის თქმა ორგანიზაციას საშუალებას მოუსპობს, ჩაიხედოს ჩინეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და გავლენა მოახდინოს მათზე.

მიუხედავად თეთრი სახლის კრიტიკისა, მსოფლიო ბანკმა IBRD-ს დაფინანსება წელსაც გაუზარდა, თუმცა იმ პირობით, რომ მდიდარ ქვეყნებზე გაცემულ სესხებზე ორგანიზაცია უფრო მაღალ პროცენტს დააწესებს.