ცნობილი მებრძოლების რეაქცია ჯასტინ გეიჯის და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებაზე
ჯასტინ გეიჯიმ ტონი ფერგიუსონი ჯექსონვილის არენაზე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შედეგად, ჯასტინი მომდევნო ბრძოლას ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართავს.
„ჰაილაითის“ გამარჯვების შემდეგ, ცნობილმა მებრძოლებმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდებზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვეს.
„კომენტარი არ აქვს. ჯასტინ, შთამბეჭდავი იყავი. გილოცავ, ჭკვიანურად იჩხუბე,“ – დაწერა წონის მოქმედმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
„კომენტარი აუცილებლად უნდა გააკეთო,“ – გამოეხმაურა მას მაიკლ ბისპინგი.
ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაპირისპირება მოეწონა – „ჯასტინ გეიჯის ორივე ხელი მოტეხილი უნდა ჰქონდეს. ერთერთი ყველაზე გიჟური რამ, რაც ოდესმე მინახავს. ტონის გამო თავს ცუდად ვგრძნობ.“
მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამაინ სტერლინგი ვოლკანოვსკის დაეთანხმა – „ფერგუსონის მიმართ თანაგრძნობა ყველას უნდა ჰქონდეს. მისი ფენომენალური გამარჯვებების სერია ასე შეწყდა, თან მას დივიზიის მეფესთან ბრძოლის შანსიც კი არ მიეცა. გეიჯი შესანიშნავ ფორმაშია.“
ტონი მძიმეწონოსანმა ფრენსის ნგანომაც შეაქო, რომელმაც ამავე ღონისძიებაზე როზენსტრაიკი ნოკაუტით დაამარცხა – „ფერგუსონი საოცრად ამტანია. ჩემი პატივისცემა მას.“
კრის ვაიდმანმა ორგანიზაციას და დანა ვაიტს მადლობა გადაუხადა და ორივე მებრძოლი დააფასა – „დაუჯერებელი პერსფორმანსი გეიჯის შესრულებით. ტონი ფერგუსონი მონსტრია. მადლობა UFC-ის და დანა ვაიტს.“
ამავე წონაში ბოლო საჩემპიონო ბრძოლა დასტინ პორიემ დათმო, რომელმაც განაცხადა, რომ ბრძოლის ეს შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა – „თვეების წინ ვთქვი, რომ ასე მოხდებოდა. მაშინ „ჰეითერ“-ს მეძახდნენ.“