ცხრა გოლი ორ შეხვედრაში - 19-წლამდელებმა მაკედონიას მეორეც მოუგეს
ცხრა გოლი ორ შეხვედრაში - 19-წლამდელებმა მაკედონიას მეორეც მოუგეს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მეორედაც დაამარცხა, სულ კი ორ შეხვედრაში ბალკანელებს ცხრა გოლი გაუტანა.

რამაზ სვანაძის გუნდი ბალკანეთს ევრო 2020-ის ელიტ-რაუნდისთვის უკეთ მომზადების მიზნით ესტუმრა და ხანმოკლე შეკრება გაიარა. მაკედონიის 19-წლამდელთა ნაკრებთან პირველი დაპირისპირება ჩვენი გუნდის უპირობო უპირატესობით წარიმართა და 5:1 დასრულდა.

სკოპიეში გამართული მეორე მატჩიც უხვგოლიანი გამოდგა, რამაზ სვანაძის გუნდმა ამჯერად 4:3 გაიმარჯვა. თუმცა, ეს ბევრად რთული თამაში გამოდგა და ჩვენმა 19-წლამდელებმა მეტოქეს გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოგლიჯეს. 4-დან 3 ბურთი „საბურთალოს” ფეხბურთელთა ანგარიშზეა, ერთი კი მეტოქის ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა.

ანგარიში გეორგი იანკულოვმა გახსნა, რასაც „საბურთალოს“ თავდამსხმელმა და ნაკრების კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა მე-40 წუთზე ზუსტი დარტყმით უპასუხა. 2 წუთში ედიზ სპაჰიუმ მასპინძლები ისევ დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ალეკსანდრე გიურკოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში გულიაშვილმა დუბლი შეასრულა და გუნდი პირველად დააწინაურა. 69-ე წუთზე ვლადა ნოვევსკიმ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში(90+2) ბექა ხარაიშვილმა (ეროვნული ნაკრების შემტევის, გიორგი ხარაიშვილის ძმამ) მაკედონიელთა კარი მეოთხედაც აიღო და ქართველ 19-წლამდელებს უმძიმეს ბრძოლაში ღირსეული გამარჯვება მოუტანა 3:4.

U19 ჩრდ. მაკედონია – საქართველო U19 3:4

გოლები: 1:0 იანკულოვი (20), 1:1 გულიაშვილი (40), 2:1 სპაჰიუ (42), 2:2 გიურკოვსკი (45+1. ავტოგოლი), 2:3 გულიაშვილი (65), 3:3 ნოვევსკი (69), 3:4 ხარაიშვილი (90+2).

საქართველო U19: კუტალაძე, კაპანაძე, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი (ხარაიშვილი), მექვაბიშვილი (აწყურელი), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, ჭავჭანიძე (სამსონია), ლორთქიფანიძე (ნონიკაშვილი), ჩიხრაძე (ლომთაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: ლომიძე, ფარულავა​

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ევრო 2020-ის ელიტ-რაუნდში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად მესამე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩებს საფრანგეთი უმასპინძლებს. ევრო პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ევრო 2020-ს 19 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს.