ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ერგნეთში შეხვედრის ჩაშლაზე EUMM განცხადებას ავრცელებს
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ერგნეთში შეხვედრის ჩაშლაზე EUMM განცხადებას ავრცელებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გამოითქვა, რის გამოც, მონაწილეებმა დისკუსიის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შუამავალმა მხარეებმა წუხილი გამოთქვეს ერგნეთში ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით, რომელზეც, მიუხედავად რთული განსახილველი საკითხებისა, მხარეებს პრაგმატული დისკუსიისკენ მოუწოდეს.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო აფიქსირებენ მათ მტკიცე რწმენას, რომ IPRM-ის ფორმატი მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი ხელშესახები მექანიზმია კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შესაქმნელად.

„შუამავალი მხარეები გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ შეხვედრა უმოკლეს ვადებში აღადგინონ და საამისოდ შეათანხმონ ყველა მხარისთვის ხელსაყრელი თარიღი. ამ დროისთვის მომდევნო შეხვედრის თარიღი უცნობია, რადგან შეხვედრა ამ თემის განხილვის გარეშე ჩაიშალა“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ინცინდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის რიგით 89-ე შეხვედრა დღეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების პროტესტის გამო ჩაიშალა. ისინი დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღებას ითხოვდნენ, რასაც უთანხმოება მოჰყვა. სუს-ის განცხადებით, ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

დატოვე კომენტარი