ცხადაძის აზრით, ბათუმის „დინამოსთან“ წასაგები მატჩი არ იყო - გამოცდილება არ გვეყო #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა კონკურენტ ბათუმის „დინამოსთან“ წასაგები არ იყო.
„ფეხბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს, უბრალოდ, გამოცდილება და ამის ხარჯზე მომენტების რეალიზაციის უნარი არ გვეყო. ჩვენთან ბევრი 17, 18 და 19 წლის ფეხბურთელია. ესაა წაგების მიზეზი და მეტი არაფერი“, – ამბობს კახა ცხადაძე.
მისი თქმით, მეტოქეს შეტევაში მეტი არჩევანი ჰქონდა:
„ბათუმის „დინამოს“ შეცვლაზე ხუთი ერთი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ამ კონტიგენტიდან გამომდინარე, გასაგები იყო, მეორე ტაიმში რა ცვლილებებიც განხორციელდებოდა. მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის ჩვენ სწრაფ შეტევებზე მეკარესთან ერთი-ერთზე რამდენიმეჯერ გავედით და ამ მომენტებს გამოყენება უნდა. გოლის რომ ვერ გაიტან, დაისჯები“.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ (41 ქულა) ლიდერობა დაკარგა, პირველ ადგილზე კი მისი კონკურენტი ბათუმის „დინამო“ დაწინაურდა, რომელმაც 43 ქულა დააგროვა.
ახლა „დინამო თბილისის“ ურთულესი დაპირისპირება ელის. საქართველოს ჩემპიონი 7 და 14 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბს, ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება.