ცხადაძე გუცაევს დაეთანხმა, რომ სანიოლმა მიდგომა შეცვალა - დაიმსხვრა მითი, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელის ნაკრებში აყვანა უაზრობაა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი კახა ცხადაძე თანაწამყვანს, ვლადიმერ გუცაევს დაეთანხმა, რომ საქართველოს ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ვლადიმირ ვაისის შემდეგ ეროვნულ გუნდში მიდგომები შეცვალა.
ვლადიმერ გუცაევი:
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სანიოლი უფრო პროგრესული მწვრთნელია, ვიდრე ვაისი, რადგან ახალ ფეხბურთელებს ეძებს. იპოვნა გიორბელიძე. თურმე საქართველოში მარცხენა მცველი შეიძლება მოძებნო. ვაისს ჰქონდა სტერეოტიპი, ერთი და იგივე მოთამაშეებს ეყრდნობოდა. მაგალითად, კვეკვესკირი და კანკავა საყრდენებად დააყენა და მორჩა, აღარ ცვლიდა.
კახა ცხადაძე:
„პოზიტიურია, რომ სანიოლი სიახლეებს არ ერიდება და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. მომეწონა ისიც, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელს ნაკრებში რომ არ იწვევს. დაიმსხვრა მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის ნაკრებში აყვანა უაზრობაა. მადლობა სანიოლს ამისთვის.
სომხეთის თამაში ნახეთ? 1:2-ს აგებდნენ და მოიგეს. ჩვენ კი საბერძნეთში რომ გავათანაბრეთ, კმაყოფილები დავრჩით. სულ ვამბობთ, მომავალში კარგი გუნდი გვეყოლება. ეს მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. მომავალზე ფიქრით გავიდა უკვე 30 წელიწადი. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გვეზრდება. ცოტა მეტი უნდა მოვითხოვოთ და შედეგი ვაჩვენოთ. აბა, იმ შანსის ხელიდან გაშვება შეიძლებოდა, რაც ვაისს ჰქონდა? ერთი მოგებით თავის გვარს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერდა. იმ შემადგენლობით ბელარუსზე ძლიერებიც ვიყავით და ჩრდილოეთ მაკედონიაზეც. ხომ შეიძლება მოთამაშეებს მენტალიტეტი შევუცვალოთ?!“