ცხადაძე აზერბაიჯანში ბრუნდება - ქართველი მწვრთნელი „საბახში“ მიიწვიეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანში დაბრუნდება და „საბახს“ ჩაიბარებს, – ინფორმაციას „აზერისპორტი“ ავრცელებს.
„აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბმა „საბახმა“ შესაძლოა, არ განაახლოს ხელშეკრულება გუნდის მთავარ მწვრთნელ რამინ გულიევთან. თუ ეს მოხდა, ახალგაზრდა სპეციალისტი დაბრუნდება კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე, ან შევა მწვრთნელთა შტაბში და ახალი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდება. ამჟამად კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და ამ სიაში ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილი ქართველი სპეციალისტი კახაბერ ცხადაძეა. კლუბი 52 წლის გამოცდილ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა. ჯერჯერობით უცნობია, მხარეები მოლაპარაკებების რა ეტაპზე არიან, მაგრამ ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნებას არ ეწინააღმდეგება“, – წერს „აზერისპორტი“.

გამოცემა ქართველი მწვრთნელის პლუსებს ასე ხსნის.
„აზერბაიჯანში ქართველი სპეციალისტი მუშაობდა „სტანდარტსა“ და „ინტერში“ (ამჟამად – „კეშლა“) და სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. მათ შორის არის 2010 სეზონის ჩემპიონობას და 2011 წელს თანამეგობრობის თასზე გამარჯვებას. საერთოდ, იგი აზერბაიჯანულ „ელიტაში“ 2008 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა. ცხადაძის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ყაზახური კლუბი „ორდაბასი“, რომელიც გასულ წელს დატოვა. ჯერჯერობით „საბახს“ უცხოელ მწვრთნელებთან ურთიერთობა არ გამოსდის. ცხადაძე სულ სხვა საქმეა. ის კარგად იცნობს აზერბაიჯანულ ფეხბურთს, გუნდებსა და ფეხბურთელებს, და რაც მთავარია, მან აქ წარმატებას მიაღწია, რაც მას არსებითად განასხვავებს ბაქოს კლუბის წინა უცხოელი მწვრთნელებისგან“.
ცხადაძე აზერბაიჯანში 2008-2015 წლებში მუშაობდა და „სტანდარდს“ და „ინტერს“ (ახლანდელი „კეშლა“) წვრთნიდა. ამის შემდეგ 52 წლის სპეციალისტმა 2015-2016 წლებში საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. 2016 წლიდან ყაზახეთში წავიდა და „კაირატი“ ჩაიბარა, 2018–2020 წლებში კი „ორდობასში“ მუშაობდა.