ცინცინატის „მასტერსზე“, ნბა-სა და მლს-ში სათამაშო დღეები გაუქმდა - ამერიკული სპორტული სამყარო რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლებს შეუერთდა
ამერიკის შეერთებული შტატების საჩოგბურთო ასოციაციამ (USTA) პროფესიულ საჩოგბურთო ასოციაციასთან (ATP) და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციასთან (WTA) შეთანხმებით გადაწყვიტა – შეაჩეროს ცინცინატის „მასტერსის“ ჩატარება. მიზეზი აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებია. ტურნირი ერთი დღით შეჩერდა და მატჩები პარასკევს განახლდება.
„როგორც მთლიანად სპორტი, ჩოგბურთიც სოლიდარულია რასისტული უთანასწორობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ისევ გამოვიდა აშშ-ში წინა პლანზე“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს 22 აგვისტოს, უისკონსინში მომხდარი ინციდენტის გამო. პოლიციამ აფროამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს ზურგში რამდენჯერმე ესროლა, როცა ის საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა. გაიგონეს შვიდი გასროლის ხმა. 29 წლის ბლეიკი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, ცინცინატის ქალთა ტურნირის ნახევარფინალში თამაშზე უარი განაცხადა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნაომი ოსაკამ.
„ნახევარფინალური მატჩი ხვალ უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ მე ფერადკანიანი ქალი ვარ და ვაცნობიერებ იმას, რომ არსებობს ჩემს თამაშზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდება ყურადღების მიქცევა.
არ ველოდები, რომ მოხდება რაღაც რადიკალური ცვლილებები, თუ მე კორტზე არ გავალ, მაგრამ თუ მოვახერხებ მსჯელობის წამოწყებას სპორტზე, რომელშიც თეთრები ჭარბობენ, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით.
ვიტანჯები და ძალიან ვბრაზდები იმის გამო, რომ პოლიციელების მხრიდან გრძელდება ფერადკანიანების გენოციდი. დავიღალე იმის გამო, რომ თითქმის ყოველდღე ახალი ჰეშთეგი ჩნდება, და დავიღალე ისევ და ისევ ერთი და იგივეს ლაპარაკით. როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?“ – დაწერა „ტვიტერში“ ოსაკამ.
რასისტულ გამოსვლებს გამოეხმაურა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია. მას შემდეგ, რაც „მილუოკის“ კალათბურთელებმა გადაწყვიტეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ „ორლანდოსთან“ სერიის მეხუთე მატჩისთვის, NBA-ის ხელმძღვანელობამ მთლიანად გააუქმა 26 აგვისტოს სათამაშო დღე.
ასე რომ, გადაიდო არა მხოლოდ „ორლანდოსა“ და „მილუოკის“ მატჩი, არამედ სერიის მეხუთე შეხვედრები „ლეიკერსი“-„პორტლენდისა“ და „ჰიუსტონი“-„ოკლაჰომას“ წყვილებში. ამ მატჩების ახალი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის.
პროტესტს ასევე შეუერთდა „მეიჯორ სოკერ ლიგა” (MLS), რომელმაც გააუქმა 26 აგვისტოსთვის ჩანიშნული ხუთი მატჩი, მათ შორის, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსეს“ შეხვედრა. ოფიციალურ „ტვიტერზე“ სპეციალური მიმართა გავრცელდა.
„MLS-ის მთელი საფეხბურთო ოჯახი დამწუხრებულია უისკონსინში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ ვაგრძელებთ Black Lives Matter-ის მოძრაობასთან გვერდით დგომას, ვიზიარებთ ჩვენი მოთამაშეებისა და თანამშრომლების ტკივილს, მრისხანებასა და იმედგაცრუებას.
ვგმობთ რასიზმს და ყოველთვის გამოვდივართ თანასწორობის მოწოდებით, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტი ღირებული ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, რათა მეტი გავლენა გვქონდეს ცვლილებებზე. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მოთამაშეებთან, კლუბებთან და გაფართოებულ საფეხბურთო საზოგადოებასთან, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ძალების გაერთიანება თანასწორობისთვის და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში“, – წერია ლიგის განცხადებაში.