ცილისწამების წინააღმდეგ ინიციატივის შესახებ სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პირველ თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი მხოლოდ საარჩევნო პერიოდს არ ეხება და სოციალურ ქსელებთან არის დაკავშირებული.
„ეს არის საკითხი, რომელიც აღელვებს ევროკავშირს. ასევე, პრაქტიკულად ჩვენს ყველა პარტნიორს, ვისაც გავლილი აქვს არჩევნები. თუმცა, ეს მხოლოდ არჩევნების პერიოდს არ ეხება, ეს არის დღევანდელი მოცემულობა მსოფლიოში, რომელიც უფრო სოციალურ ქსელებთან და მათ უმართაობასთან არის დაკავშირებული, რაც ყველას აღელვებს. არის მზადყოფნა ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ დავიწყებთ ამაზე საუბარს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პროექტი მზა სახით არსებობს და შეხვედრებით მხოლოდ დისკუსია დაიწყება.
„არავითარ შემთხვევაში არ არის მზა პროდუქტი პრეზიდენტის ადმინიტრაციის მხრიდან, რომელსაც ვინმეს მაგიდაზე დავუდებთ და რომელზედაც თანხმობას ვეძებთ. ეს არის დისკუსიის გახსნა საკითხზე. თუ ეს რეგულაციაში არ მოვიყვანეთ, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი დაძაბულობა გაგრძელდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი ნაკლებად ეხება მედიას.
„ერთად უნდა ვიფიქროთ, რა უნდა გაკეთდეს. ეს ნაკლებად ეხება მედიას, არამედ ეხება უმართავ სოციალურ ქსელებს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება. შემდეგ კი, შეხვედრები შედგება მედიის წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან, ვინც თემით დაინტერესებულია, ასევე, უცხოელ პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.