ციკლონის მიახლოების გამო, ინდოეთში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია იგეგმება
ციკლონის მიახლოების გამო, ინდოეთში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია იგეგმება

ციკლონის მიახლოების გამო, ინდოეთში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ აქვეყნებს.

ძლიერი ციკლონის – „იაასის“ მოახლოების გამო, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ადგილობრივი ხელისუფლება ათიათასობით ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ცდილობს. ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის (IMD) განცხადებით, ციკლონმა „იაასმა“, რომელიც 177 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს, ბენგალის ყურიდან ოდიშასა და დასავლეთ ბენგალის შტატების მიმართულებით დაიწყო გადაადგილება.

სანაპირო ზოლის რეგიონებში ათასობით სამაშველო პერსონალია მობილიზებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სანაპირო ზოლის დაბალ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სამთავრობო შენობებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში განთავსება დაიწყეს, ხოლო ბავშვები და ორსულები ადგილობრივ ჰოსპიტლებში გაანაწილეს. ოფიციალური პირების განცხადებით, დასავლეთ ბენგალის დაახლოებით 20 რაიონი მოხვდება ციკლონის არეალში.

ბენგალის ყურეში ციკლონის ამოქმედება წელიწადის ამ დროს ხშირი მოვლენაა და ინდოეთისა და ბანგლადეშის სანაპირო ზოლის განადგურებას იწვევს. გასულ მაისს ციკლონმა „ამფანმა“ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.