ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საპროტესტო აქცია გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საპროტესტო აქცია გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, 3 დეკემბერს ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნიდან მანდარინის ნარჩენები მიიტანეს და სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში ჩაყარეს.

აქციის მონაწილეები მის სასწრაფო კონსერვაციას და ტერიტორიის შემოღობვას ითხოვენ. ადგილობრივები სხვადასხვა საფრთხეზე საუბრობენ. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანები აქტიურად გადაადგილდებიან, ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც თხრილში საქონელი ჩავარდა.

მოსახლეობა ეკოლოგიურ საფრთხეებზეც საუბრობს და პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას ითხოვს. მათ ხელისუფლებას ორშაბათამდე განუსაზღვრეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის ზომებით იმუქრებიან.

„ცოტა რომ დათბა, სუნმა საგრძნობლად მოიმატა, გაუსაძლისი მდგომარეობაა. პირველი მააქანები რომ გამოჩნდნენ, ჩვენ კატეგორიულად გავაპროტესტეთ, რომ ეს პროცესები არ გაგრძელებულიყო, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. მოვითხოვეთ, მობრძანებულიყვნენ ქობულეთის წარმომადგენლები, არავინ მოგვაქცია ყურადღება. საქონელს ვეღარ ვუშვებთ, გუშინ იყო შემთვევა, საქონელი ჩავარდა შიგ. თან გზა გადათხარეს და არც კი გაასწორეს, გაუსაძლისი მდომარეობაა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერტმა მონაწილემ.

აღნიშნულ საკითხს გამოხმაურნენ ადგილობრივ მერიაში. ქობულეთის მერის ლევან ზოიძის განცხადებით, კანონის სრული დაცვით მოხდება კონსერვირება. მისივე თქმით, კომპანიამ ნარჩენების ჩაყრის პროცესი გააჩერა.

„პირველი ეტაპი, მიწის მასის გადაყრა მოხდა, უბრალოდ მიწით ამოვავსეთ. მოსახლეობასთან მქონდა არაერთი შეხვედრა და მათ მივეცი პირობა, იქ არ ჩაიყრებოდა ეს მასა, მაგრამ იქ ხვდებოდა ციტრუსის ნარჩენი. შესაბამისად, პირველ ეტაპზე კომპანიამ მიწის მასით ამოავსო, მეორე ეტაპზეც მოხდება მიწის მასით ამოვსება და შემდეგ შემოღობვა“, – განაცხადა ლევან ზოიძემ.