ციცინო შავაძე - ჩვენი წამება როინ შავაძის დაკრძალვის შემდეგაც კი არ დასრულდა, გვემუქრებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით, მადლობა სოზარ სუბარს, ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა.
ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.
„ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, რომ რომა რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მგონია, რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც ალბათ ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს, რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
ციცინო შავაძემ თავისი მეუღლის სახლში გადასვენების პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფორმიანი პირები ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ, იგივე ბედი გაეზიარებინათ.
„არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი საავადმყოფოში, ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, ხმა არ ამომეღო. მე ვკიოდი, უკვე არაფერი მახსოვს და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს. უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ხალხი გვირეკავდა და გვეუბნებოდა, ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენო. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ. ისე გამოდის, რომ მარტო აღმოვჩნდი მიცვალებულთან. უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი. მახსოვს, ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა. ჩვენ კიდევ იძულებული გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, რადგან გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
ციცინო შავაძის თქმით, მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა.
„ჩვენი წამება ამით არ დასრულდა. ყოველი დღე უმძიმესი ხდებოდა. გვითვლიდნენ, ხმა არ ამოგვეღო, გავჩერებულიყავით. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ბინა და გადავსულიყავი საცხოვრებლად ჩემებთან. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით. მოდიოდა უცხო ხალხი, პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, წამოვიდა მუქარები. ჩემებთან საცხოვრებლად სოფელ ჩელტაში გადავედი, მაგრამ იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ასეთ დღეში ვიყავით“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
ციცინო შავაძე ამბობს, რომ მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მშობლების სახლში გადასვლის დროს, მუქარების გამო, ღამეს უთენებდნენ.
„შემდეგ იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს. ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ. გვაშინებდნენ, მოდიოდა იარაღიანი ხალხი პირდაპირ, ისროდნენ ჰაერში. ვისთვის მიგვემართა, აღარ ვიცოდით. მაშინ დავურეკეთ ბატონ სოზარს. ისიც კი შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის ავზსაც მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით ყველანი ერთად. ბატონი სოზარიც ჩამობრძანდა, ყოველთვის გვერდით გვედგა, დიდი მადლობა ამისთვის, არასდროს დამავიწყდება მისი ამაგი. ბატონი სოზარი თვითონ იყო ჩამობრძანებული ჩემს ოჯახში“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
ციცინო შავაძის განმარტებით, მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში უთევდნენ ღამეს.
ამასთან, ციცინო შავაძემ გაიხსენა, რომ მომხდარი შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, მისი მეუღლე, გარდაცვლილი ადამიანი დაკითხვაზე დაიბარეს, რითიც ოჯახის დამცირებას ცდილობდნენ.
„ყველანაირად გვავიწროებდნენ. სამი წლის თავზე იყო კარზე ზარი, დგას ახალგაზრდა გოგო ფორმით, ქალ-ვაჟი. პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს, რა ხდება-მეთქი? როინ შავაძის ოჯახია? კი-მეთქი. მას დაკითხვაზე იბარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ, კაცზე, რომელიც მიცვალებულია, ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.