CIA-ს ხელმძღვანელის თქმით, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსის, უილიამ ბერნსის თქმით, ვლადიმერ პუტინს „არ სჯერა, რომ თავს უკრაინასთან ომში დამარცხების უფლებას მისცემს“. ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას. უილიამ ბერნსის თქმით, უკრაინაში ომის მეორე ფაზა ბევრად სარისკოა, ვიდრე პირველი, რადგან ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ დიდი ფსონი დადო წარმატების მისაღწევად.
„ის ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც არ სჯერა, რომ თავის თავს დამარცხების უფლებას მისცემს. ვფიქრობ, ის დარწმუნებულია, რომ ფსონის გაორმაგება პროგრესის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ბერნსმა.
ბერნსის თქმით, ომის მეორე ფაზაში კონფლიქტის ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკის სათანადოდ დაუფასებლობა არ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი არ გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ასევე, ბერნსის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომს აქტიურად აკვირდება ჩინეთი და ცდილობს, გამოიტანოს დასკვნები, როდის და როგორ განახორციელოს საკუთარი ამბიციები ტაივანის დასაკავებლად, სადაც შეიძლება, მსგავსი სცენარი გამოიყენოს.