ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება
ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება.

რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში მინისტრის მოადგილესთან, ბექა დავითულიანსა და სახლ-მუზეუმის დირექტორთან, ფერიდა მატარაძესთან ერთად განიხილა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.