ჩვენი სურვილია, მოძმე ხალხს გვერდში დავუდგეთ - „დინამო თბილისმა“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ უკრაინაში, რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა – საჭირო ნივთები უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის შედეგად შეირჩა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„თბილისის „დინამომ“ უკრაინაში რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. აღნიშნული დახმარება დონეცკის „შახტარის“ ორგანიზებით მოწყობილ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარს გადაეცემა, რომელიც „არენა ლვოვის“ ტერიტორიაზეა მოწყობილი. ჰუმანიტარული ტვირთი 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს, რომლის ჩამონათვალიც უკრაინულმა მხარემ მოგვაწოდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დინამო თბილისი“ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მხარს პირველივე დღიდან უჭერს.
„ამ დახმარებით გვსურს ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უფრო მკაფიოდ გამოვხატოთ. თითოეული დინამოელის სურვილია, ამ მძიმე პერიოდში, გვერდში დავუდგეთ მოძმე უკრაინელ ხალხს. „დინამო თბილისის“, მისი გულშემატკივრებისა და ვეტერანების სახელით გვსურს კიდევ ერთხელ თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარ ერს“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო ჩემპიონატი შეწყვეტილია, გუნდების მოთამაშეები, მწვრთნელები და პერსონალი თავდაცვის ჯგუფებში გაწევრიანდნენ და ოკუპანტებს ებრძვიან.