ჩრდილოეთის ზღვის ფსკერის ქვეშ გამყინვარების ხანის უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჩრდილოეთის ზღვის ფსკერის ქვეშ გამყინვარების ხანის უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მილიონობით წლის წინანდელი გამყინვარებების შედეგად ლანდშაფტზე დატოვებული, ამ დროისათვის დამალული კვალი მეცნიერებმა საოცარი დეტალებით გამოავლინეს.

ე. წ. არეკვლის სეისმოლოგიის მეთოდის გამოყენებით, მეცნიერთა ჯგუფმა ჩრდილოეთის ზღვის ფსკერის ქვეშ, ასობით მეტრის სიღრმეზე, მყინვარქვეშა მდინარეების მიერ ამოკვეთილი უზარმაზარი ხეობები აღბეჭდა. ამ მახასიათებლებს „გვირაბულ ხეობებს“ უწოდებენ და ისინი შეიძლება იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, როგორ იცვლება გაყინული ლანდშაფტი კლიმატის გათბობის საპასუხოდ.

„საუკუნეზე მეტია, ამ არხების წარმოშობა გაურკვეველი იყო. ეს აღმოჩენა დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ გრენლანდიისა და ანტარქტიკის ამჟამინდელ მყინვართა უკანდახევის პროცესი“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის გეოფიზიკოსი ჯეიმს კირკემი.

მისი განცხადებით, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვტოვებთ ნაფეხურებს ქვიშაზე, მყინვარებიც ტოვებენ კვალს იმ მიწაზე, რომელზეც მიცოცავენ; უახლესი მონაცემები კი მყინვართა უკანდახევის მნიშვნელოვან დეტალებზე მიუთითებს.

როგორც სახელიც მიუთითებს, არეკვლის სეისმოლოგია ეფუძნება მიწისქვეშა ვიბრაციების საშუალებით ადგენს მნიშვნელოვან სიღრმეთა სიმკვრივის პროფილს. დაახლოებით ისე, როგორც მიწისძვრების გამოყენებით ადგენენ მეცნიერები ჩვენი პლანეტის წიაღის სიმკვრივეს; თუმცა, ეს მეთოდი უფრო მცირე მასშტაბებზეა მიმართული.

ამ შემთხვევაში, პნევმატურ იარაღთა ჯგუფი ჩრდილოეთის ზღვის ერთი მონაკვეთის თავზე მიმართეს. მათი ხმოვანი ტალღების გავრცელებისას, ჰიდროფონებმა ზღვის ფსკერქვეშ, სხვადასხვა სიმკვრივის სტრუქტურებიდან მათი ანარეკლები შეაგროვა.

ამის შემდეგ, მეცნიერებმა ეს მაღალი რეზოლუციის 3D მონაცემები დაამუშავეს, რათა უძველესი ლანდშაფტის შრეების რუკა შეექმნათ.

გეოლოგია,დედამიწა

ამ მეთოდს 300 მეტრის სიღრმეში ჩამარხული 4-მეტრიანი წარმონაქმნების დაფიქსირებაც კი შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული მონაცემები ჩრდილოეთის ზღვის ფსკერქვეშ გაწოლილი გვირაბულ ხეობებს ყველაზე დეტალურად ასახავს.

მონაცემებმა გამოავლინა 300-დან 3000 მეტრის სიგანემდე 19 ურთიერთგადამკვეთი არხი. ამ არხების მორფოლოგიაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი უძველესი ყინულოვანი საფარის ქვეშ გამდინარე ნადნობი წლის მიერ წარმოქმნილი გვირაბული ხეობებია.

მაღალი დონის დეტალების გამო, ეს არხები იმის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას, როგორ ურთიერთქმედებდნენ ყინულის ფენები მათთან, მათი წარმოქმნისას. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის პოლუსებთან დღეს არსებული ყინულის ფენები კლიმატის ცვლილების გამო დნება, ამ პროცესის უკეთ გაგება დაგვეხმარება დავადგინოთ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე.

„მართალია, ჩრდილოეთის ზღვაში მყინვართა უზარმაზარი არხების არსებობის შესახებ ვიცოდით, მაგრამ პირველად შევძელით მათში არსებული რელიეფის უმცირეს დეტალებში აღბეჭდვა“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის გეოფიზიკოსი კელი ჰოგანი.

მისი განცხადებით, ეს დელიკატური წარმონაქმნები გვეუბნება, როგორ მოძრაობდა წყალი ამ ყინულქვეშა არხებში, როგორ ჩერდებოდა ყინული და დნებოდა. ძალიან ძნელია დაადგინა, რა ხდება დღეს არსებული ყინულის ფენების ქვეშ, განსაკუთრებით კი რა გავლენას ახდენს წყალი და დანალექები ყინულის დინებაზე, რაც ყინულის ქცების უმნიშვნელოვანესი მსაზღვრელებია.

ჰოგანი აღნიშნავს, რომ ამ უძველესი არხების გამოყენებით შეგვიძლია გავიგოთ, როგორ შეეპასუხება ყინული გარემოს ცვლილებებს კლიმატის გათბობის კვალდაკვალ, რაც დღეს უკიდურესად საჭირო და დროულია.

მკვლევართა განცხადებით, მომავალში ამ მიმართულებით კვლევაში აუცილებლად უნდა გამოიყენონ საბურღი ტექნოლოგიებიც, რათა უკეთ გავარკვიოთ გვირაბული ხეობების ქრონოლოგია.

ასეთი დეტალები კი ამ უძველეს ჰიდროლოგიურ სისტემათა უკეთესი მოდელის შექმნის საშუალებას მოგვცემს, რასაც შემდეგ დღევანდელ სიტუაციასაც მოვარგებთ.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bas.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.