ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირება შეიძლება ახალ ზელანდიურ „სთეით ოფ ორიჯინად“ იქცეს
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულების ნაკრები გუნდების დრამატულ მატჩს რაგბის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები და უკვე თავად მორგაბეებიც კი, მათ შორის ახალი ზელანდიის ნაკრების წევრი არდი სავეა, ითხოვენ, რომ ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირება სამმატჩიანი იყოს.
„კარგი იქნებოდა დაპირისპირება სამმატჩიან სერიად იქცეს. მივმართავ მას, ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია – მოდი, ასე ყოველწელს ვითამაშოთ და ჩვენი „სთეით ოფ ორიჯინი“ (State of Origin) შევქმნათ. წაგებამ გული ძალიან დაგვწყვიტა, შესანიშნავი იქნებოდა მომდევნო კვირას რევანშის აღების შანსი მოგვცემოდა“, – განაცხადა ახალზელანდიელმა მესამეხაზელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
„სთეით ოფ ორიჯინი“ ცამეტკაცა რაგბის ყოველწლიური სამმატჩიანი სერიაა, რომელშიც ერთმანეთს ავსტრალიური შტატების – ქუინსლენდისა და ნიუ საუზ ვეილსის („მერუნზი“ და „ბლუზი) ნაკრები გუნდები ეთამაშებიან ერთმანეთს და ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სპორტული სატელევიზიო პროექტია.
სავეას იდეას სოციალურ ქსელში „ოლ ბლექსის“ ყოფილმა მგეზავმა ლიმა სოპოანგამ უპასუხა და არდის დაეთანხმა.
„რა თქმა უნდა, გააკეთეთ სამ მატჩიანი სერია. საოცარი მატჩი იყო“, – დაწერა სოპოანგამ.
საინტერესოა მოეწონებათ თუ არა წამოწყება ახალ ზელანდიური რაგბის მესვეურებს. წესით, პირველი მატჩის წარმატებიდან გამომდინარე, ისინი ამ საკითხზე აუცილებლად დაფიქრდებიან და შეიძლება უახლოეს მომავალში ჩრდილოეთისა და სამხრეთის კიდევ ერთი მატჩი და ახალი სარაგბო სერია ვიხილოთ.