ჩრდილოეთ პოლუსთან მოსალოდნელია უეცარი სტრატოსფერული დათბობა, რასაც შეიძლება, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ძლიერი სიცივე მოჰყვეს — #1tvმეცნიერება
ჩრდილოეთ პოლუსთან მოსალოდნელია უეცარი სტრატოსფერული დათბობა, რასაც შეიძლება, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ძლიერი სიცივე მოჰყვეს — #1tvმეცნიერება

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყოველ ზამთარს, ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო ცივი ქარი ისე ქრის, როგორც წყალი ტრიალებს დრენაჟის გარშემო. ეს გახლავთ ამინდის მახასიათებელი, რომელსაც მეტეოროლოგები დეტალურად აკვირდებიან, რადგან მნიშვნელოვანმა ცვლილებამ შეიძლება ევროპაში სერიოზული სიცივე გამოიწვიოს. ამჟამად, ეს ქარი ორად იყოფა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქარი საკმაოდ მაღლა, სტრატოსფეროში, 10-50 კმ სიმაღლეზე ჰქრის. ამ დიდი ნაკადის სხვადასხვა ცვლილებათა ეფექტების პროგნოზირებისთვის, ბრისტოლის, ექსეტერისა და ბათის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

ბედის ირონიით, ამ აცივების მიზეზი უცნაურია — სითბოს უეცარი, 24-48 საათით შესვლა ჰაერის მორევივით მბრუნავ ნაკადში.

ამ დროს ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსამდე ადის და გრიგალი სწრაფ ცვლილებებს განიცდის, დრამატულად იცვლება მისი მიმართულება ან იყოფა შვილობილ მორევებად, რომლებიც მიმდებარე ატმოსფეროში შედიან.

შედეგი შეიძლება გამანადგურებელი იყოს. რამდენიმე წლის წინ, უეცარმა სტრატოსფერულმა დათბობამ (SSW) ცივი პოლარული ჰაერი ციმბირიდან ევროპაში გადმოისროლა და დიდთოვლობა გამოიწვია.

სკანდინავიის თავზე კონცენტრირებული ცივი ჰაერი ბრიტანეთამდე გავრცელდა და სატრანსპორტო ქაოსი შექმნა.

თუმცა, პოლარული გრიგალის ყოველ ცვლილებას ასეთი ყინვა არ მოსდევს. ორი წლის წინ, სტრატოსფერული პოლარული ქარების გათბობას გაერთიანებულ სამეფოში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თბილი ზამთარი მოჰყვა.

ასეთი სტრატოსფერული დათბობის მოვლენები იშვიათი არ არის; ჩანაწერების მიხედვით, ყოველ ათ წელიწადში საშუალოდ 5-6 არქტიკული პოლარული გრიგალი ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემალურად ცივი ამინდი ყოველთვის არ მოსდევს, უეცარ სტრატოსფერულ დათბობათა დაახლოებით ორ-მესამედს გავლენა აქვს ზედაპირის ტემპერატურაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეტეოროლოგი რიჩარდ ჰოლი.

ბოლო 60 წლის დაკვირვებათა მონაცემებში, მკვლევრებმა ჩრდილოეთ პოლარულ სტრატოსფერულ გრიგალში ასეთი რხევისა და გაყოფის ორმოცამდე მაგალითი დააფიქსირეს; ამის შემდეგ, ეს მონაცემები შეიყვანეს ალგორითმში, რომელიც ცდილობს იწინასწარმეტყველოს, რა გავლენა აქვს ყოველი ასეთი სახის ცვლილებას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ამინდზე.

შედეგები მიუთითებს, რომ ყოველთვის, როდესაც პოლარული გრიგალი ორ შედარებით პატარა ქარად იყოფა, უფრო ცივ ამინდს უნდა ველოდოთ, ვიდრე უეცარი სტრატოსფერული დათბობის სხვა ანომალიების შემთხვევაში.

შედეგები ნამდვილად დროულია, რადგან ჰაერის ნაკადში საპროგნოზო ცვლილებები შაბათ-კვირას გამოჩნდება.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ატმოსფერული დაკვირვებები ჩვენებს, რომ არქტიკული სტრატოსფერო განიცდის უეცარ დათბობას, რაც დაკავშირებულია სტრატოსფერული პოლარული გრიგალის შესუსტებასთან“, — ამბობს ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის გრძელვადიან პროგნოზთა ხელმძღვანელი ადამ შიფი.

გარდა ამისა, ამ ცვლილებას აქვს უფრო სახიფათო უეცარი სტრატოსფერული გათბობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა უნდა მოჰყვეს.

ინფორმირებულ კლიმატურ მოდელთა ქონა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესებული ალგორითმები მოდელირებასაც აუმჯობესებს, უახლოესი დღეების ამინდის შესახებ მრავალი ზუსტი დეტალი მაინც უცნობი რჩება.

უცნაურია, მაგრამ არ არის გამორიცხული, აცივების ნაცვლად ევროპაში დათბეს კიდეც. ამის მაგალითია 2019 წლის თებერვალში უეცარ სტრატოსფერულ დათბობას მოყოლილი რეკორდული სითბო.

კვლევა ჟურნალ JGR Atmospheres-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.