ჩრდილოეთ მაკედონიური მედია - მიუხედავად ყველა პრობლემისა, ნაკრებს თბილისიდან გამარჯვებით დაბრუნება სურს #1TVSPORT 
ჩრდილოეთ მაკედონიური მედია - მიუხედავად ყველა პრობლემისა, ნაკრებს თბილისიდან გამარჯვებით დაბრუნება სურს #1TVSPORT 

ერთა ლიგის C4 ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა თბილისში გაიმართება – პარასკევს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბალკანური ქვეყნის ნაკრები სკოპიეში ემზადებოდა, თბილისში ოთხშაბათს გამოემგზავრა და ფეხბურთელები უკვე თბილისში არიან.

გამოცემა „სპორტმედია“ პარასკევს „დინამო არენაზე“ გასამართ დაპირისპირებაზე წერს და ამტკიცებს, რომ მათი ნაკრები მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.

მატჩისთვის სტრატეგია მუშავდება. ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში გაფრინდა – მივდივართ სამი ქულისკენ!

„შუადღისას ჩვენი ეროვნული გუნდი, მთავარი მწვრთნელის ბლაგოი მილევსკის ხელმძღვანელობით, სკოპიედან ჩარტერული თვითმფრინავით გაფრინდა და უკვე თბილისშია, სადაც პარასკევს ერთა ლიგის ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი ელის. ჩვენი ნაკრები სკოპიედან საქართველოში გაემგზავრა, სადაც ჯგუფში პირველი ადგილისთვის ქართველებთან საკვანძო მატჩი გაიმართება.

ფეხბურთელები თბილისში ხვალინდელ ვარჯიშზე პარასკევის მატჩის სტრატეგიას დაამუშავებენ. ჩვენი გუნდი დასუსტებულია ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წარმომადგენლის არყოფნით. მიუხედავად ყველა პრობლემისა, გუნდში კარგი განწყობაა, მათ იციან რა ელით და ამიტომ სახლში გამარჯვებით დაბრუნება სურთ.

ეს რთული იქნება, რადგან საქართველო ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიამაც რამდენჯერმე აჩვენა, რომ კლასი აქვს“, – წერს ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა.

ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემების ცნობით, თბილისში მათ ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან სტეფან რისტოვსკი, ტიჰომირ კოსტადინოვი, დარკო ჩურლინოვი, ვალონ ეტემი და ერდონ დაჩი, ხოლო ბობან ნიკოლოვი, კირე რისტევსკი და დავით ბაბუნსკი კლუბში ახლახანს ჩაირიცხნენ ან ისევ უგუნდოდ არიან. სია კიდევ გაიზარდა, რადგან საყრდენი ნახევარმცველი არიან ადემი წელის ტკივილის გამო გერმანიაში გამოკვლევებზე იყო და როგორც მედია იუწყება, საქართველოს ნაკრებთან ისიც ვერ ითამაშებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).