ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველი - სკოპიეში აგრესიულები არ ვიყავით, მაგრამ თბილისში სხვაგვარად იქნება #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველი - სკოპიეში აგრესიულები არ ვიყავით, მაგრამ თბილისში სხვაგვარად იქნება #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში გამოემგზავრა და პარასკევს ერთა ლიგის C4 ჯგუფში პირველი ადგილისთვის საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მიუხედავად დიდი პრობლემებისა და რამდენიმე საკვანძო მოთამაშის არყოფნისა, სპლიტის „ჰაიდუკის“ 22 წლის ნახევარმცველი იანი ათანასოვი იმედოვნებს, რომ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელები მზად არიან, რომ სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღონ.

„ჩვენ ბოლომდე კარგად დაკომპლექტებულები არ ვართ, მაგრამ ვინც აქ ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ თბილისში მოსაგებად, რადგან ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის სამი ქულის მოსაპოვებლად ვთამაშობთ. საქართველოშიც ამ განწყობით მივდივართ. მწვრთნელმა უნდა მოგვცეს დავალებები და ჩვენ ნაკრებში იმიტომ ვართ, რომ ისინი შევასრულოთ. შეიძლება სახლში ისეთი აგრესიულები არ ვიყავით, მაგრამ თბილისში სხვაგვარად იქნება“, – განაცხადა ათანასოვმა.

ჩრდილოეთ მაკედონიელი ნახევარმცველის თქმით, ახლა მათ ნაკრებს გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან სჭირდება.

„ჩვენ ყველა წარმატებაზე და თავის გამოვლენაზე ვოცნებობთ, მით უფრო, როდესაც საქმე ეროვნულ გუნდს ეხება. ერთად ბევრი მატჩი ჩავატარეთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს პარასკევის გამარჯვების მთავარი კოზირი იქნება“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).