ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სერბებმა გზები გადაკეტეს
ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სერბებმა გზები გადაკეტეს

ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სერბებმა გზები გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მიზეზს კოსოვოში სერბეთის სახელმწიფო სანომრე ნიშნიანი მანქანების შესვლის აკრძალვა წარმოადგენს. შეზღუდვა ორშაბათიდან შევიდა ძალაში, რის გამოც ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა ათობით მანქანით პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სერბეთიდან მიმავალ მძღოლებს პოლიცია მათი სანომრე ნიშნების ნაცვლად, დროებითი სანომრე ნიშნების გამოყენებას სთხოვს, რომელთა მოქმედების ვადა 60 დღეა , ხოლო ღირებულება 5 ევროა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი აცხადებს, რომ ახალი ზომები არ ისახავს მიზნად მძღოლების დაზარალებას, არამედ წარმოადგენს ბელგრადის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯს.

„როიტერის“ ცნობით, სერბეთი, რომელმაც კოსოვო 1999 წელს დაკარგა, მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ქვეყანაში არ უშვებს მანქანებს კოსოვოს სახელმწიფო ნომრებით.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა შექმნილ ვითარებას ძალიან სერიოზული და რთული უწოდა.

კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლური ქვეყნების უმრავლესობაა. კოსოვოს არ აღიარებს სერბეთის ტრადიციული მოკავშირე რუსეთი, ასევე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა და საქართველო.