ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდამ მიძინებული სეისმური რღვევა გაააქტიურა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საესკადრო ნაღმოსანს ათვალიერებს. 2026 წლის 6 სექტემბერი
სამი ჩინური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდას მოსალოდნელზე გაცილებით ძლიერი ეფექტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბოლო ასეთი გამოცდა 2017 წელს ჩატარდა, რეგიონში, სადაც ბირთვული იარაღის გამოცდა მოეწყო, მიწისქვეშა ბიძგები დღემდე გრძელდება.
XXI საუკუნეში ბირთვული იარაღის გამოცდას მხოლოდ ერთი ქვეყანა ატარებს. 2006 წლიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეამ 6 ბირთვული აფეთქება განახორციელა და ექვსივე მიწისქვეშ მოაწყო. ბოლო ასეთი გამოცდა 2017 წელს ჩატარდა. მისი ფეთქებადი სიმძლავრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის ძალას დაახლოებით10-ჯერ აღემატებოდა და ძლიერი სეისმური აქტივობა გამოიწვია, რომლის შედეგად მომხდარი მიწისძვრა ამერიკელმა გეოლოგებმა 6.3 მაგნიტუდად შეაფასეს. ჩინელ სეისმოლოგთა ჯგუფმა ჟურნალ Science-ში ახლახან აღნიშნა, რომ ამ ბოლო აფეთქების შედეგები იმაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მათი თქმით, ეს იმითაც დასტურდება, რომ მიწისქვეშა ბიძგები დღემდე გრძელდება.
2017 წლის აფეთქების შემდგომი ბიძგები (აფტერშოკები) 2025 წლის მაისშიც კი დაფიქსირდა. ისინი პერიოდულად ხდებოდა და სავარაუდოდ, ახლაც გრძელდება; თუმცა, ბოლო მონაცემები უცნობია, რადგან ამ მიმართულებით კვლევა, უბრალოდ, გასული წლის მაისში დასრულდა. ყველა ბიძგი მანტაპის მთის გარშემო არსებულ, მანამდე მშვიდ მდგომარეობაში მყოფ რღვევის ხაზებთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ეს რღვევები 2017 წლის ცდებამდე არააქტიურ მდგომარეობაში რჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სავარაუდოდ, მიწისქვეშა ბირთვულმა აფეთქებებმა გაააქტიურა.
მეცნიერების თქმით, აფეთქების შემდეგ დედამიწის ქერქი საწყის წონასწორობას აღარ დაბრუნებია. ამის ნაცვლად, სეისმური აქტივობა თანდათან გაიზარდა, რადგან აფეთქებასთან შეხებაში მყოფი ახალი ზონები გააქტიურდა.
მიწისქვეშეთის ამბები
მკვლევარებმა თავიანთი ანალიზისთვის ჩინეთისა და სამხრეთ კორეის სეისმური მონიტორინგის სადგურების მონაცემები გამოიყენეს, რადგან ჩრდილოეთ კორეამ მათ საკუთარ მონაცემებზე წვდომის უფლება არ მისცა. 2008-დან 2025 წლამდე შეგროვებული უზარმაზარი ინფორმაციის ერთ მონაცემთა ბაზაში გაერთიანების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ საცდელი ბირთვული პოლიგონის გარშემო სეისმური აქტივობის ზრდა უპრეცედენტოდ მაღალი იყო.
ამ პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სიძლიერის 1 399 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რაც, კორეის ნახევარკუნძულზე სეისმური მონიტორინგის ერთსაუკუნოვანი ისტორიის კონტექსტში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მკვლევრების აზრით, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: აფეთქებების სერია კორეაში ტექტონიკურ აქტივობას ცვლის. სატელიტურმა დაკვირვებებმა ასევე დაადასტურა, რომ ამ რეგიონში რაღაც უჩვეულო ხდება, რადგან მანტაპის მთა ზედაპირულადაც იცვლება.

მთა, რომლის სიმაღლეც 2 200 მეტრს აღემატება, გვერდებზე დაახლოებით სამი მეტრით ამოიბურცა, ხოლო თითქმის ნახევარი მეტრით ჩაიძირა. ეს მოვლენა „ბლინების ეფექტის“ სახელით არის ცნობილი, რადგან ისევე როგორც თეფშზე დაწყობილი ბლინები, ცალკეული ფენები აქაც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის და მათ შორის სივრცე თითქმის მთლიანად ქრება.
რა გამოიწვია ჩრდილოეთ კორეამ
მთის შიგნით გვირაბები ქვეყანაში უდიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ჰვასონგის საკონცენტრაციო ბანაკში მყოფმა პოლიტპატიმრებმა გათხარეს. ვარაუდობენ, რომ იქ აუტანელ პირობებში დაახლოებით 20 000 ადამიანი მუშაობდა.
ჩინური კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც საბჭოთა და აშშ-ის მიწისქვეშა ბირთვული ცდების შედეგების შესახებ არის ცნობილი. შედარებით ძლიერი ბიძგები იმ ცდებმაც გამოიწვია, მაგრამ ისინი ხანმოკლე იყო და აფეთქებიდან რამდენიმე კვირაში ჩაცხრა.
თუმცა, კორეაში, გარკვეული მიზეზების გამო, შედეგები განსხვავებულია. იმის მაგივრად, რომ წყალში ქვის ჩაგდების შემდეგ გავრცელებულ ტალღებს ჰგავდეს, როგორც ადრე ჩატარებული ბირთვული გამოცდების დროს ხდებოდა, ირკვევა, რომ ამ აფეთქებებმა რაღაც სახის სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია.
მისი საბოლოო შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ კვლევის ავტორები, სულ მცირე, იმით არიან შეშფოთებულები, რომ მუდმივი სეისმური აქტივობა გაართულებს სხვა ბიძგების გამოვლენას და გაზომვას, მათ შორის ისეთების, რომლებსაც, შესაძლოა, დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეთ.