ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კოსმოსურ სადგურზე მორიგი მნიშვნელოვანი ცდა ჩაატარეს
ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კოსმოსურ სადგურზე მორიგი მნიშვნელოვანი ცდა ჩაატარეს

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კოსმოსურ სადგურზე მორიგი მნიშვნელოვანი ცდა ჩაატარეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის განმარტებით, სოჰაეს კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ცდის მიზანი სტრატეგიული ბირთვული შეკავების გაძლიერება იყო.

11 დეკემბერს ჩატარებული ცდა, სოჰაეს კოსმოსურ სადგურზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ცდა იყო. 7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ფხენიანმა ამავე ადგილას სარაკეტო ცდა ჩაატარა.

ბოლო პერიოდში ჩატარებული ცდების შემდეგ დასავლური მედია ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის შესაძლო გამწვავებაზე იუწყება. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი და ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოებდნენ.

კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში გაიმართა, სადაც მხარეები განიარაღებული პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, თუმცა 2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. კიმ ჩენ ინმა ბირთვული განიარაღების პროცესის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაუყოვნებელი გაუქმება მოითხოვა, ამას კი, ვაშინგტონი არ დასთანხმდა.