ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტა პირველად 2020 წელს სამხედრო აღლუმზე წარადგინეს, რომლის მასშტაბებმა სამხედრო სფეროს სპეციალისტებიც კი გააოცა.

ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტას აშშ-მდე მიღწევა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, „ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა რაკეტის გამოცდას, იარაღი კი, ბირთვული ომის შეკავების მთავარი საშუალებაა“. რაკეტის გაშვებას იაპონელი და სამხრეთ კორეელი სამხედროები აკვირდებოდნენ. იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რაკეტა 6 000 კმ სიმაღლეზე აფრინდა და იაპონიის წყლებში 1 000 კილომეტრის მანძილის ფრენის შემდეგ ჩავარდა.

რაკეტის გაშვების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თქვა, რომ „ქვეყანა აშშ-ის იმპერიალიზმთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება“.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვებამ ქვეყანა აიძულა, გამოეცადა მცირე ბალისტიკური და ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტები, რათა ეჩვენებინა, რომ აქვს შესაძლებლობა, ზუსტად დაარტყას რაკეტების გამშვებ ობიექტებს.