ჩრდილოეთ კორეამ დაკავებული ავსტრალიელი სტუდენტი, 29 წლის ალეკ სიგლი გაათავისუფლა
ჩრდილოეთ კორეამ დაკავებული ავსტრალიელი სტუდენტი, 29 წლის ალეკ სიგლი გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეამ დაკავებული ავსტრალიელი სტუდენტი, 29 წლის ალეკ სიგლი გაათავისუფლა. მამაკაცი უკვე ჩინეთში იმყოფება, სადაც მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.

ალეკ სიგლი ფხენიანში სწავლობდა. ის 25 ივნისის შემდეგ გაუჩინარდა. პეკინში ჩასულ სიგლიმ არ ისურვა საუბარი იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში.

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, სიგლის გათავისუფლებაში ავსტრალიას შვედეთის ხელისუფლება დაეხმარა. მორისონს ასევე არ უთქვამს, რა მიზეზით დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე ფხენიანში.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ალეკ სიგლი პეკინიდან ტოკიოში გაემგზავრება, სადაც მისი მეუღლე, იაპონიის მოქალაქე ცხოვრობს.

როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების დროს ალეკ სიგლი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი იყო და რეგულარულად აქვეყნებდა ფოტოებსა და პოსტებს ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების შესახებ. ის ასევე თანამშრომლობდა უცხოურ მედიასაშუალებებთან.