ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ სასაზღვრო ზონაში გამაფრთხილებელი გასროლები გაცვალეს
ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ სასაზღვრო ზონაში გამაფრთხილებელი გასროლები გაცვალეს. „როიტერის“ ინფორმაციით, გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ფხენიანმა და სეულმა ერთმანეთი საზღვაო საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულეს.
სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი გასროლა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემმა „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ გადაკვეთა, რომელიც არის დე ფაქტო საზღვარი.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არტილერიით ათჯერ გაისროლეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის გემმა დაარღვია „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა „უცნობი გემის თვალყურის დევნების საბაბით“.
სეულის ინფორმაციით, საზღვარზე შეჭრასთან დაკავშირებით ოპერაცია ჩატარდა, რადგან ჩრდილოეთის ნაბიჯი 2018 წლის ორმხრივი სამხედრო პაქტის დარღვევაა, რომელიც კრძალავს „მტრულ ქმედებებს“ სასაზღვრო რაიონებში.