დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრიუდო სატელეფონო საუბრისას, პროდუქტიული დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრიუდო სატელეფონო საუბრისას, პროდუქტიული დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების NAFTA-ს გაუქმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ტელეფონით ესაუბრა. მანამდე კი, ახალი პირობებით, სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე კონსენსუსს მექსიკასთან მიაღწია.

იმ შემთხვევაში, თუ ჯასტინ ტრიუდო ვაშინგტონის პირობებს არ დათანხმდება, დონალდ ტრამპი კანადური პროდუქციისთვის, კერძოდ კი, ავტომობილების იმპორტისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს. თუმცა, ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მხარეები „პროდუქტიული დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“.

ახალი პირობები კი, რომელსაც ვაშინგტონი NAFTA-ს სანაცვლოდ მოითხოვდა, საავტომობილო ინდუსტრიაში მარჟის ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, ახალი შეთანხმებით, ავტომობილების 75% ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე იქნება წარმოებული. ძველი შეთანხმებით კი, ეს მაჩვენებელი 62.5%-ს შეადგენდა.

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარებისთანავე იმუქრებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ NAFTA-ს ხელმომწერი მხარეები, კანადა და მექსიკა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების გადახედვას არ დასთანხმდებოდნენ, აშშ 1994 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან გავიდოდა.

NAFTA-ში შემავალი სამი ქვეყნის, აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.