ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის ცნობით, უახლოეს პერიოდში მათი თვითმფრინავები გრენლანდიაში ჩაფრინდებიან
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) გამოაცხადა, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავები უახლოეს პერიოდში გრენლანდიაში, პიტუფიკის სამხედრო ბაზაზე ჩაფრინდებიან.
როგორც NORAD-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავები ჩაერთვებიან „NORAD-ის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილ ღონისძიებებში“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებები დანიის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული და ჩართულ ძალებს მონაწილეობისთვის გააჩნიათ შესაბამისი დიპლომატიური ნებართვა.
„დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გრენლანდიის მთავრობაც არის ინფორმირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიის დაუფლება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხიების ინტერესებშია, რვა ევროპულმა ქვეყანამ სადაზვერვო მისიის ფარგლებში კუნძულზე საკუთარი სამხედროები გაგზავნა, რომლის მიზანიც რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაა.
17 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ მისიაში მონაწილე ქვეყნებს 10%-იან საბაჟო ტარიფებს დაუწესებს.
ტარიფები პირველი თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ივნისიდან, აშშ-ის პრეზიდენტის მუქარის თანახმად, 25%-მდე გაიზრდება, თუ გრენლანდიის შეერთებული შტატების მფლობელობაში გადასვლის შესახებ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
ევროპელი ლიდერების თქმით, ტრამპის ეს მუქარა „ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს უთხრის ძირს“.