ჩოგბურთი | უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს ჯოკოვიჩი და ალკარასი შეხვდებიან #1TVSPORT
2023 წლის დიდი სლემის ტურნირების რიგით მესამე – უიმბლდონის გათამაშებაზე დღეს, 16 ივლისს მამაკაცთა ერთეულთა ფინალი გაიმართება. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგის პირველ ნომერს, ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.
სერბი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად რეიტინგის მეორე ნომერია, უიმბლდონის ბოლო ოთხი გათამაშების გამარჯვებულია. ნოვაკი ტურნირის ფინალში მეცხრედ გავიდა, სადაც მხოლოდ ერთხელ – 2013 წელს ბრიტანელ ენდი მარისთან დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჯოკოვიჩი უიმბლდონს მერვედ მოიგებს და ტიტულების მხრივ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება. ალკარასთან ფინალი სერბისთვის 35-ეა დიდი სლემის ტურნირებზე, რაც ჩოგბურთში რეკორდული მაჩვენებელია.
მოგების შემთხვევაში სერბი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული 24-ედ გახდება და საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
20 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი დიდი სლემის ტურნირის ფინალში მხოლოდ მეორედ იასპარეზებს. ესპანელმა 2022 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ალკარასი და ჯოკოვიჩი დღემდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ, ორივე შეხვედრა 2022 წელს თიხის საფარზე ჩატარდა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია – 1:1.
ჯოკოვიჩსა და ალკარასს შორის ფინალური შეხვედრა დღეს, 16 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.