ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში დასრულდა საჩოგბურთო ტურნირი „ლეილა მესხის თასი 2023“, რომელიც 22-დან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
შეჯიბრება 18-წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ჩატარდა. ორგანიზატორების მოწვევით თბილისში იმყოფებოდა 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი. გოგონების ფინალში საქართველოს წარმომადგენელმა, ნატალი ჯაიანმა ითამაშა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ბელარუს იულიანა გრაბოვეცთან დამარცხდა.
ტურნირის ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ „ჩოგბურთი“, ხოლო მხარდამჭერები თბილისის მერია, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია. გამარჯვებულები ტურნირის დირექტორმა, ლეილა მესხმა დააჯილდოვა.
„ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ ბავშვებს უცხოელებთან თამაშის გამოცდილების მიღების კარგი საშუალება აქვთ. რაც უფრო მეტ მსგავს ტურნირს ჩავატარებთ, ჩვენი ბავშვების დონე მით უფრო გაიზრდება. მინდა, წარმატება მივულოცო ნატალი ჯაიანს, რომელმაც მთელი ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მხოლოდ ფინალი დათმო, მაგრამ გამარჯვებულს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია“, – განაცხადა საქართელოს პირველ არხთან ტურნირის დირექტორმა, ლეილა მესხმა.