ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან მატჩში დაწინაურდა #1TVSPORT
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე დევისის თასის გათამაშებაში, საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩში საქართველო 2:1 დაწინაურდა – ეროვნული ნაკრების წევრების, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის წყვილმა მასპინძლების, ტადას ბაბელისისა და ედვას ბუტვილისის დუეტი სამ სეტში 7:5, 4:6, 6:4 დაამარცხა. დღესვე გაიმართება ერთეულთა თანრიგის შეხვედრა საბა ფურცელაძესა და რიკარდას ბერანკისს შორის. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადავა, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ ფურცელაძე წააგებს, გადამწყვეტ მატჩში ზურაბ ტყემალაძე ვილიუს გაუბასს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
დევისის თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბა ფურცელაძის, ზურაბ ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ასპარეზობს.