ჩხოროწყუში აქციაზე დაპირისპირება მოხდა
ჩხოროწყუში აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ჩხოროწყუში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიისა და საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქცია ჩხოროწყუში თითქმის ერთი საათია, მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის, „ევროპული საქართველოს“ სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერის გადადგომას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც 25 იანვარს ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან არიან კავშირში.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს ნინო ლომჯარიას და ადგილზე მისვლა, ვითარების ობიექტურად შესწავლა სთხოვეს. აქციის მონაწილეები შენობასი შესვლის ნებართვას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ბავშვები ჩხოროწყუს მერიის პირველ სართულზე, საპირფარეშოში შეიყვანა.

მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან, რის შემდეგაც ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.